ახალი ამბები

თბილისში ქალი მოკლეს, დაკავებულია ყოფილი ქმარი

25 აპრილი, 2017 • 17640
თბილისში ქალი მოკლეს, დაკავებულია ყოფილი ქმარი

თბილისში ქალი მოკლეს, დაკავებულია ყოფილი ქმარი. გამოძიების ვერსიით, ოთხი შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მირანდა ვაჩეიშვილის შვილმა, ნინო ხოსროშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ სიკვდილამდე დედამისმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია:

“მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედას სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.”

შსს-ს  ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ.   გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს,რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის ცნობით, ის დანაშაულს აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი