საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა გააუქმა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა 12-მა ინვესტორმა მას შემდეგ, რაც მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლისას პრობლემები შეუქმნეს. მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
“გასაგებია სასტუმროს ჯავშნის მოთხოვნა, მაგრამ რა საჭიროა ქვეყნიდან მოწვევის წერილი, როდესაც უვიზო რეჟიმი გვაქვს ქვეყანასთან? სრულიად მიუღებელია სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა! მე მიმოგზაურია მთელს მსოფლიოში და არსად, არც ერთი ქვეყნის საზღვარზე არ მოუთხოვიათ ჩემთვის დაზღვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი! არ ვიცი, რომელმა იდიოტმა მოიგონა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, ასეთი მოთხოვნები წაგვეყენებინა. ასეთ მოთხოვნებს ნეგატიური გავლენა აქვს ტურიზმზე, ხოლო ინვესტიციების მოზიდვაზე ამას უზარმაზარი გავლენა ექნება,” – წერს ფეისბუკში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.
ფადი ასლის ინფორმაციით, წუხელ ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ინვესტორი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ჩამოვიდა, თუმცა სასაზღვრო დეპარტამენტმა ისინი უმიზეზოდ საათობით გააჩერა საზღვარზე. მისი განცხადებით, ბიზნესმენებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ამის შესახებ ხმა რომ არ ამოეღო:
“უკვე უნდა დავემშვიდობოთ საქართველოში საინვესტიციო გეგმებს! სწორედ ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეგულაციებს უვიცები წერენ და იღებენ! კიდევ გინდათ უცხოური ინვესტიციები? დამიჯერეთ, შეგიძლიათ ეს დაივიწყოთ!”
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გარე კომუნიკაციების მენეჯერს, ნინო ცხადაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ საქართველოში შემოსული ბიზნესმენების საბუთებში არ იყო დასაბუთებული მათი მოწვევის მიზანი ისე, როგორც წესია. მისი თქმით, ინვესტორები სულ რამდენიმე წუთით შეფერხდნენ საზღვარზე და არა საათობით, როგორც ფადი ასლი წერს.
“როდესაც უკვე გაირკვა შესაბამისი ინფორმაცია მოწვევის ავტორთან, ისინი ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული საბუთები მესაზღვრეებს ამ ადამიანებისთვის არ მოუთხოვიათ. ყველაფერი იყო წესის ფარგლებში და მესაზღვრეს რაც ევალებოდა, ის გააკეთა – მოსთხოვა შესაბამისი საბუთები. ისინი უკვე საქართველოში არიან. რამდენიმე წუთით შეფერხდნენ, უბრალოდ. როგორც კი გაერკვა მესაზღვრე მათი ვიზიტის მიზნის შესახებ, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ. მათ იგივე საბუთები მოსთხოვეს, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს,” – ამბობს ცხადაძე.
მისი თქმით, საქართველოში შემოსულ ბიზნესმენებს უნდა ჰქონოდათ სპეციალური მოწვევა, ხოლო მესაზღვრე ვალდებული იყო, რომ ემოქმედა კანონის ფარგლებში და გადაემოწმებინა მათი ვიზიტის მიზანი:
“არ ვიცი, პრემიერს ხვდებიან თუ არა, თუმცა რაღაც ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ეს ადამიანები. მათ უნდა ჰქონოდათ სპეციალური მოწვევა, რაც არ ჰქონდათ. საზღვარია ეს და მესაზღვრე ხომ უნდა დარწმუნდეს, რა მიზნით შემოდიან ადამიანები ქვეყანაში? ამიტომ, როგორც წესი და კანონია, ისე იმოქმედა მესაზღვრემ.”
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელს. სოფო მოსიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ ფლობს რაიმე ინფორმაციას პრემიერსა და ინვესტორებს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.