კოკა გუნცაძის განცხადებით, 2012 წლის 24 აპრილს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭომ, საკუთარი განკარგულებით, მიზანშეწონილად მიჩნია დიდი რაოდენობით საქონლის შესყიდვა, რაც თანხობრივი მოცულობით 235 632 108 ლარს შეადგენდა. ეს მოიცავდა 290 ახალ ხორბალმზიდს, 950 ვაგონცისტერნას და 1107 სხვადასხვა ვაგონის კაპიტალურ შეკეთებას.
“2012 წლის 4 მაისს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გაგრძელდა თვენახევრის განმავლობაში. ამ პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა სატენდერო პირობები: შეიცვალა შესასყიდი ობიექტების და თანხის მოცულობა. შეიცვალა ვალდებულებების დაფარვის გრაფიკი და ანგარიშსწორების წესი და ვადები. საბოლოოდ სატენდერო პირობებით თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 112 353 858 ლარით. 2012 წლის 2 ივლისს, გაურკვეველი მიზეზებით, ეს ტენდერი ჩაიშალა, სადაც ერთადერთი სატენდერო წინადადება წარმოდგენილი ჰქონდა “ვაგონშემკეთებელ კომპანიას.” ზუსტად 5 დღის შემდეგ, 2012 წლის 7 ივლისს “საქართველოს რკინიგზა” უფორმებს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, “ვაგონშემკეთებელ კომპანიას” 112 353 858 ლარის ღირებულების კონტრაქტს, და აქედან ავანსად 50 პროცენტს, 56 369 000 ლარს რიცხავს “ვაგონშემკეთებელი კომპანიის” ანგარიშზე” – ამბობს კოკა გუნცაძე.
გუნცაძის ინფორმაციით, ამ გარიგებაში მომაწილეობდა “საქართვლოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების დირექტორი დავით ჯინჯოლავა, რომელიც ამ დროისათვის კომპანიაში აღარ მუშაობს.
“ვაგონშემკეთებელ კომპანიას”, 2012 წლის 21 დეკემბრისთვის ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, უნდა დაებრუნებინა რკინიგზისთვის 30 ახალი ხორბალმზიდი და 160 გარემონტებული ვაგონი. არც ერთი ხორბალმზიდი დაბრუნებული არ არის და 160- ის ნაცვლად 35 ვაგონია გარემონტებული.
რატომ იქნა ერთ ლოტად გაერთიანებული თავისი ბუნებით სხვადასხვა შესყიდვა? რა მიზეზით ჩაიშალა ტენდერი? რის საფუძველზე და რატომ იქნა ტენდერის ჩაშლიდან 5 დღის შემდეგ გაფორმებული ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ერთ პრეტენდენტთან 112 353 858 ლარის ღირებულების ხელშეკრულება? რატომ გადაუხადა რკინიგზამ “ვაგონშემკეტებელ კომპანიას” ავანსად თანხის 50 პროცენტი? რატომ აღმოჩნდა რკინიგზის ერთ–ერთი დირექტორი ამ ოპერაციის შემდეგ “ვაგონშემკეთებელ კომპანიის” მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მენეჯმენტში? რატომ არ არსებობს და ვერ მივაკვლიეთ დღემდე დეფექტურ აქტს, სადაც აღწერილი უნდა იყოს ვაგონების ტექნიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება? რატომ არ აქვს “ვაგიონშემკეთებელ კომპანიას” თავის ვალდებულებების 5 პროცენტიც კი შესრულებული? – ამ კითხვებზე პასუხი სამეთვალყურეო საბჭომ ამ დრომდე ვერ მიიღო.
“გამომდინარე აქედან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ და “ვაგონშემკეთებელი კომპანიის მონაწილეობით”, კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სახსრების თაღლითური ფინანსური სქემა, ე.წ “გაქეშება” , რომლის საერთო ღირებულებასაც ამ ეტაპზე შეადგენს 56 369 000 ლარს. სწორედ ამიტომ “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მომდევნო ტრანში “ვაგონშემკეთებელი კომპანიისთვის” და საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადასცეს საქართვლოს მთავარ პროკურატურას” –აცხადებს კოკა გუნცაძე.
“საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გამოთქვამს ეჭვს, რომ ასეთი ფინანსური სქემა კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას დონეზე არ დაიგეგმებოდა და მისი კვალი უფრო მაღალ ეშელონებში მიდის: “თუ გამოძიება გაყვება კვალს, სად არის შემდგომში ეს ფული გადარიცხული, დარწმუნებული ვარ უმაღლესი თანამდებობის პირებამდე მივა.”
“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. ირაკლი ეზუგბაია დირექტორის პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2012 წლის ოქტომბერში გადადგა.