ახალი ამბებისაზოგადოება

ქართველი შინდლერები და მათი სახელობის პარკი თბილისში

25 აპრილი, 2017 • 8561
ქართველი შინდლერები და მათი სახელობის პარკი თბილისში

“ისრაელის სახლის” ინიციატივითა და თბილისის მერიის დახმარებით, თბილისში “ქართველი შინდლერების პარკი” გაიხსნება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც “ისრაელის სახლში” აცხადებენ, ამ ეტაპზე პარკის მოსაწყობად ადგილს არჩევენ და ის, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ გაიხსნება. ასევე სავარაუდოა, რომ პარკის მოწყობა 2 თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, დაიდგმება ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება ისრაელის იად ვა-შემის საპატიო წოდების მფლობელი სერგი მეტრეველის სახელი და გვარი, ხოლო მეორე ქვაზე- კიდევ სამი პირის, გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები.

ოთხივე მათგანმა სხვადასხვა დროს ებრაელი ხალხი სიკვდილს გადაარჩინა. სწორედ ამიტომ, როგორც ქართველ შინდლერებს, ისე მოიხსეინიებენ (ოსკარ შინდლერმა 1200-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა).”ისრაელის სახლმა”, განათლების სამინისტროთან ერთად, ქართველი შინდლერების შესახებ საინფორმაციო ბროშურა ჯერ კიდევ 2014 წელს მოამზადა.

დღეს პრეზენტაციაზე სიმბოლურად 6 სანთელი დაანთეს. 25.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

დღეს პრეზენტაციაზე სიმბოლურად 6 სანთელი დაანთეს. 25.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ვინ იყვნენ “ქართველი შინდლერები”?

გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში. სასულიერო განათლება საქართველოში მიიღო, ხოლო 1921 წლიდან სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის წოდება. სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა ჯერ ინგლისში, შემდეგ- პოლონეთში.გრიგოლ ფერაძე

მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავაში არსებული მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მუშაობდა და ხშირად იფარებდა გერმანელთაგან დევნილ ადამიანებს. ერთხელ ქუჩაში შეესწრო, როგორ სცემდა გერმანელი ჯარისკაცი მოხუც ებრაელ ქალს და მას წინააღმდეგობა გაუწია. ამ ინციდენტის შემდეგ გრიგოლ ფერაძით გესტაპო დაინტერესდა და 1942 წლის მაისის დასაწყისში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა. მის სახლში აღმოაჩინეს ინგლისური ვალუტა, რაც გესტაპოს მტკიცებით, ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა.

ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობით, გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს ბანაკში გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, მრავალშვილიანი ქალის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

1995 წელს საქართველოს მართლამდიდებლურმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

მიხეილ კედია

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხეილ კედია ემიგრაციაში ცხოვრობდა. ჯერ საფრანგეთში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, როდესაც გერმანიამ პარიზში ქართული წარმომადგენლობა გააუქმა,  ქართული ემიგრაციის ინტერესთა დამცველი გახდა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.მიხეილ კედია

კედიამ პატიმრობიდან დაიხსნა ქართველი ებრაელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოპსებ ელიგულაშვილი. ასევე, სამხედრო კომენდანტს გაუგზავნა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ებრაელების მემორანდუმი, რომელშიც ელიგულაშვილი ამტკიცებდა, რომ ქართველი ებრაელები არ იყვნენ სემიტი ებრაელები, რაც  ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა დასაბუთეულად მიიჩნიეს. ამის შემდეგ მიხეილ კედიამ დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია და სიკვდილს გადაარჩინა არაქართული წარმოშობის ებრაელებიც.

მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისთვის პირადობის მოწმობების გაცემაზე. ამისათვის შექმნა სპეციალური კომიტეტი და გასცემდა “ეროვნების დამადასტურებელ მოწმობას”, რა გზითაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

გერმანიის დამარცხების შემდეგ საცხოვრებლად ჟენევაში გადავიდა. 1946 წელს ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც წერდა: “გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში შევძელი, უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა სიკვდილით დასჯისგან .”

საბა კლდიაშვილი

საბა კლდიაშვილირუსეთ-იაპონიის ომის დროს რუსეთის იმპერიაში ებრაელთა დარბევა დაიწყო. 1905 წელს ერთ-ერთი ასეთი მასობრივი დარბევა უკრაინაში, ოდესაშიც მოხდა. ებრალები ქუჩაში გამოვიდნენ და მსვლელობა მოაწყეს. დემონსტრანტებს ტყვიები დაუშინეს. მაშინ ხალხს წინ გადაეფარა ოდესის უნივერსიტეტის დოცენტი, 32 წლის საბა კლდიაშვილი. მას ტყვია შუბლში მოხვდა და მეორე დღეს გარდაიცვალა. საბა კლდიაშვილი ქუთაისში დაკრძალეს, მისი დაკრძალვა კი რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციაში გადაიზარდა.

სერგი მეტრეველი

სერგი მეტრეველისერგი მეტრეველი 1906 წელს ონის რაონის სოფელ უწერაში დაიბადა. 1942 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, კისლოვოდსკში ცხოვრებდა. ის და ივანე გუგეშაშვილი ებრაელებს დაეხმარნენ, დაეტოვებინათ ქალაქი. სერგი მეტრეველმა დევნილთა ჯგუფი 16 დღე ატარა კავკასიის მთებში, რათა ონში ჩამოეყვანა. გზაში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, 16 წლის ემილ ზიგელი მალარიით დაავადდა და მეტრეველის ოჯახი მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. 2006 წელს იად ვა-შემმა სერგი მეტრეველს მიანიჭა მსოფლიო ხალხთა მართლის საპატიო წოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი