საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პაკეტს მხარი 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს 43 ხმით, სამის წინააღმდეგ დაუჭირა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ,  მმართველმა პარტიამ, არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები. ის ცვლილებები კი, რაც კომისიამ მხედველობაში მიიღო, მმართველი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობის არ იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, NGO-ების შეთავაზება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 3%-მდე დაწევაზე კომისიას არც კი განუხილავს:

“არანაირი არგუმენტი არ ყოფილა, არც დისკუსია არ ყოფილა. ითქვა, რომ არ მოხდებოდა ამის გათვალისწინება და აქ დამთვრდა პროცესი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემებზე კენჭისყრას. გავიდა ის ვერსია, რომელიც შემოთავაზებული იყო მმართველი პარტიის მხრიდან და გულისხმობდა იმას, რომ დარჩება 5-პროცენტიანი ბარიერი და ყველა გაუნაწილებელი მანდატს წაიღებს მმართველი პარტია” – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოსთან მიმართებით არსებულ რეკომენდაციას, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაზიარებული იყო და მოსამართლეების დასაბუთებულ არჩევას, ღია კენჭისყრით, ეხებოდა.  არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, აღნიშნული რეკომენდაციებით ვენეციის კომისიას მიმართონ.

ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რამდენიმე ცვლილებას, თუმცა საიას თავმჯდომარეს ისინი არსებით ცვლილებებად არ მიაჩნია:

“არის რამდენიმე პოზიტიური ცვლილება, რაც, როგორც ვხვდები, პრინციპული არ იყო მმართველი პარტიისთვის და ალბათ ამიტომ გაიზიარეს. მაგალითად, შენარჩუნდა სახელწოდება “სახალხო დამცველი” და ერთი უფრო შინაარსობრივი, რაც ჩვენი წინადადება იყო და მხარდაჭერილ იქნა, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და, ეს უნდა გამოიხატოს, პარლამენტში მოხსენებით უნდა წარდგეს” – ამბობს ნაცვლიშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს უჭერენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. თამარ ჩუგოშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების 80% არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებების მიხედვით განხორციელდა:

“ჩვენ ჩავატარეთ სარეიტინგო კენჭისყრა, ვინ ემხრობოდა დღეს მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას და არც ერთი მომხრე არ აღმოჩნდა. ეს არის პასუხი, თუ რატომ არის უკეთესი ის კონსტიტუცია, რომელიც კომისიამ შექმნა. 80% ცვლილებების ეფუძნება ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების შემოთავაზებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული. მხოლოდ რამდენიმე საკითხია, რომელზეც არის განსხვავებული მოსაზრებები”  – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კომისიამ უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობით იმუშავა და ახლა ჯერი საყოველთაო სახალხო განხილვებზეა, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება:

“რაც შეეხება დოკუმენტის ინიცირებას, ინიციატივის წესით დოკუმენტი შევა საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში, არაუგვიანეს მომდევნო კვირის ხუთშაბათისა. ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საორგანიზაციო კომისია საყოველთაო განხილვის და ამ კომისიის ფორმირების შემდეგ  დაიწყება უკვე შეხვედრები რეგიონებში” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საყოველთაო განხილვა მაისის შემდგომ დასრულდება, დაიწყება დოკუმენტის საპარლამენტო განხილვები და ივნისის თვის განმავლობაში პარლამენტი ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას, მესამე მოსმენა კი შემოდგომაზე გაიმართება.

“ვენეციის კომისიას გადაეგზავნება დოკუმენტი მისი ინიცირებისთანავე, ანუ უკვე მომდევნო კვირის განმავლობაში, და ვენეციის კომისიას ექნება დაახლოებით ერთთვიანი პერიოდი იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი დასკვნა და ვიდრე დაიწყება საპარლამენტო გნახილვები, ანუ ივნისის თვემდე, ჩვენ უკვე გვექნება ვენეციის კომისიის ჯერ წინასწარი დასკვნა და შემდეგ უკვე 15 ივნისისთვის ვენეციის კომისია გეგმავს უკვე თავის პლენარულ სხდომაზე საბოლოო დასკვნის დამტკიცებას. ანუ, ვიდრე ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს პირველი  და შემდგომ მეორე მოსმენით, გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ჩვენ განვაცხადეთ, ყველა სამართლებრივი შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იქნება ვენეციის კომისიის მიერ, იქნება ბოლომდე გაზიარებული” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაში მონაცილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რადგან მათ კომისია ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.