ახალი ამბებიეკონომიკა

ვიზეარის დირექტორი: ნოემბერსა და თებერვალში ბილეთებს ყველაზე იაფად შეიძენთ

21 აპრილი, 2017 •
ვიზეარის დირექტორი: ნოემბერსა და თებერვალში ბილეთებს ყველაზე იაფად შეიძენთ

2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 200 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ “ვიზეარის” დირექტორმა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ქეთი ალექსიძის თმით, 2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდი ქართული ავიაციისთვის ძალიან წარმატებული იყო:

“სამივე თვე იყო ძალიან წარმატებული. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე შარშადელი. წელს გვექნება ერთი ახალი მიმართულება ვიზეარის მიერ ლონდონის მიმართულებით, რომელიც 17 ივნისს დაიწყება. პრაქტიკულად, 200 პროცენტს გადააჭარბა ამ ავიაკომპანიის მგზავრნაკადის ზრდამ,” – თქვა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

ჯოზეფ ვარადის თქმით კი, მას შემდეგ, რაც 6 თვის წინ “ვიზეარმა” ქუთაისში ბაზირება მოახდინა, ავიაკომპანია 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მათ შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვა მგზავრები:

“გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, წელს ქუთაისში მგზავრთა რაოდენობა თითქმის სამჯერაა გაზრდილი. ბაზის გახსნიდან 6 თვეში კი ქუთაისში 100 000-მდე მგზავრს მოვემსახურეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, სხვა ქვეყნის ტურისტების მხრიდან,” – ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი.

მისი თქმით, ბაზრის გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება იყო. ჯოზეფ ვარადი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ბაზარზე:

“ჩვენ გვაქვს გამოცდილება, გვინახავს ქვეყნები, რომლებშიც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა მოგზაურობისთვის. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მიერ და, ცხადია, მოგზაურობა უფრო იაფი და ნაკლებად ბიუროკრატიული ხდება. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის მოთხოვნას და ჩვენ ველოდებით მოთხოვნის ზრდას, რაც გვაძლევს საფუძველს, ინტენსიურად ვიფიქროთ ქსელის გაფართოებაზე. ჩვენ ახლა ქსელის გაფართოებაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერჯერობით ახალ მიმართულებებზე ვერ ვისაუბრებთ,” – ამბობს “ვიზეარის” დირექტორი.

ქართულ ავიაბაზარზე ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიების შესაძლო დამატებაზე საუბრობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი. ქეთი ალექსიძის თქმით, ორგანიზაცია ამ კუთხით აქტიურად მუშაობს:

“არსებული ტენდენციები და ვიზალიბერალიზაცია გახდა ჩენთვის ერთ-ერთი საინტერესო საშუალება, რომლითაც ვესაუბრებით ავიაკომპანიებს. სულ რამდენიმე დღეში დაიწყება ბელფასტში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ფორუმი, სადაც არიან ჩვენი წარმომადგენლები. ჩანიშნულია ძალიან ბევრი შეხვედრა და აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ავიაკომპანიების მიერ ძალიან გაიზარდა ინტერესი. ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, რამდენიმე ავიაკომპანიას. ძირითადად საუბარია 2018 წელზე და, რა თქმა უნდა, არსებულ ავიაკომპანიებსაც ვესაუბრებით სიხშირეების დამატებაზე,” – ამბობს ალექსიძე.

ავიაკომპანია “ვიზეარის” დირექტორმა მომხმარებლებს რჩევებიც მისცა და განაცხადა, რომ იაფიად მგზავრობის მსურველებმა ბილეთები მაქსიმალურად ადრე უნდა შეიძინონ. ამასთანავე, ბილეთების ფასი იმატებს სეზონურადაც. მათი ფასი ზაფხულში უფრო მაღალია, ვიდრე ზამთარში. დღესასწაულებზე კი, გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთებზე მოთხოვნა იზრდება, მათი შოვნა რთულია და, შესაბამისად, ფასიც მეტია. ისეთ თვეებში კი, როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, ჯოზეფ ვარადის თქმით, ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი