ახალი ამბები

დღეს პარლამენტი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე კანონს დაამტკიცებს

21 აპრილი, 2017 •
დღეს პარლამენტი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე კანონს დაამტკიცებს

დღეს, 21 აპრილს, პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს მართვის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქულების სისტემის შემოღებამ ბევრ ქვეყანაში შეამცირა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა:

“საპარლამენტო უმრვლესობა, ოპოზიცია და  არასამთავრობო სექტორი  მხარს უჭერს რეფორმას. ეს არის კანონი, რომელსაც აქვს საზოგადოების და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა. ეს ყველაფერი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში ჩვენ მოგვცემს დადებით შედეგებს. რეფორმის სხვადასხვა კომპონენტი განხორციელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი ნაწილი კანონის მიღებისთანავე იქნება რეალიზებული.  რაც მთავარია, პირველი თვეების განმავლობაში შსს მოსახლეობას მიაწვდის სრულ ინფორმაციას, თუ როგორ იმუშავებს ეს სიახლე,” – აღნიშნავს თალაკვაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ უმრავლსესობამ მათი შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა:

“ამიტომ, პირველი მოსმენის დროს პრინციპების დონეზე პროექტს მხარი დავუჭირეთ და მიგვაჩნია, რომ გარკვეული მიმართულებით სიმკაცრე აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ნასვამ მძღოლებს შეეხებათ, რათა თავიდან ავიცილოთ ის რთული მდგომარეობა, რაც საქართველოში არსებობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით. ”

__________________________________________________________________

10 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას.  ცვლილებების თანახმად, შემოდის მართვის 100-ქულიანი სისტემა.ეს ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ამასთან, ახალი ცვლილებების მიხედვით, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა. კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ამოქმედდება უკვე 2017 წლის 1 ივნისიდან.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ამავე თემაზე: რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი