„ეს არის მენტალობის გამო” – ასე განმარტავს “iPhone+” -ის დირექტორი რამაზ შეყილაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას კომპანიის გადაწყვეტილებას:
„ბათუმელებს ვერ მოვარგეთ ჩვენი სამსახურის სფერო ვერანაირად, დაახლოებით 120-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ჩვენს კომპანიაში, აქედან ვერც ერთი სათანადოდ ვერ მოვამზადეთ და ვერ ავიყვანეთ სამსახურში.”
კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს მენტალობაში, რამაზ შეყილაძე განმარტავს: „ძალიან სხვანაირად იქცევიან კლიენტებთან ურთიერთობისას, არ იციან ელემენტარული ადამიანებთან ურთიერთობის… ასე ვთქვათ, ცოტა სხვანაირები არიან, არ ესმით ადამიანებთან ურთიერთობა, კლიენტებთან შედიან ისეთ ურთერთობაში, რომ, აი, როგორც მეზობელთან, როგორც ძმაკაცთან… არ შეუძლიათ ოფიციალურად მიუდგნენ კლიენტს.
მსგავსი პრობლემა მხოლოდ ბათუმში შეგვექმნა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზედმეტად უნდა გასწიოს კომპანიამ ხარჯი, რომ თბილისიდან ჩამოიყვანოს კადრები, მაგრამ იძულებული ვიყავით.”
რამაზ შეყილაძე ფიქრობს, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული არ არის: „დისკრიმინაცია ეს არ არის, უბრალოდ ჩვენი სფერო მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, განსაკუთრებულ მომზადებას. ჩვენ რომ გვქონდეს რესტორანი, ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებდით ოფიციანტებად, ან სხვა ბიზნესი რომ გვქონდეს… ძალიან მშრომელი და შრომისმოყვარე ხალხია ბათუმელები, მაგრამ ჩვენი სფერო არის განსხვავებული, ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს, ცოტა უჭირთ ბათუმელებს. მე ვფიქრობ, რომ ეს დისკრიმინაციას არ ნიშნავს, განსხვავებული სფეროა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ ბათუმელები ვერ მოერგნენ ამ სფეროს,” – ამბობს რამაზ შეყილაძე.
მაღაზია „iPhone+” Apple – ის პროდუქციის მსხვილი რეალიზატორია საქართველოში.