ახალი ამბები

კანონპროექტით, ცესკოს თანამშრომლები სახელმწიფოსგან სპეციალურ პენსიას მიიღებენ

19 აპრილი, 2017 • 2929
კანონპროექტით, ცესკოს თანამშრომლები სახელმწიფოსგან სპეციალურ პენსიას მიიღებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის მოხელეებს, შესაძლოა, სახელმწიფოსგან საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კომპენსაცია დაენიშნოთ. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, შესაძლოა, კანონში ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”  ცვლილებები შევიდეს.

კერძოდ, სახელმწიფოსგან კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლად, შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელედ მუშაობა ჩაითვალოს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”-,,ვ” ან/და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით” – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

ცესკოს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები კომპენსაციის სახით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედს მიიღებენ

ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლები, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოსგან კომპენსაციას 65 წლის ასაკის მიღწევისას  ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში მიიღებენ, თუ 8 წელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ექნებათ ნამუშევარი.

მაგალითისთვის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შემოსავალმა 2015 წელს 100,780 ლარი შეადგინა. აქედან თანამდებობრივი სარგო 59,120 ლარი იყო. შესაბამისად, ამ წელს მისი საშუალო ხელფასი 5,374 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე პენსიაზე 2015 წელს გავიდოდა – კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან 1,791 ლარს მიიღებდა.

კანონში ცვლილების პროეტქს აპროტესტებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”. როგორც, პარტიაში ამბობენ, მათთვის გაუგებარია, რა დამსახურებისა თუ მძიმე სამუშაოსთვის უნდა დაენიშნოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი