ახალი ამბები

ვნებათაღელვა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ საკითხის განხილვისას [Video]

17 იანვარი, 2013 • 1023
ვნებათაღელვა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ საკითხის განხილვისას [Video]

შეხვედრას პარლამენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასაწყისში საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და თავიანთი არგუმენტები გააცნეს. 

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის არგუმენტად მთავრობასთან და დიპლომატიურ კორპუსთან კოორდინაცია და ხარჯების დიდი რაოდენობა დაასახელეს. აღნიშნულის საპირისპიროდ უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მთავრობაც და დიპლომატიური კორპუსიც ქუთაისში უნდა გადმოვიდეს.

 

დამსწრეების უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” არგუმენტებს იზიარებდა და მოითხოვდა, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს. სიტყვით გამოსვლისას დამსწრეების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ პარლამენტის ადგილმდებარეობაზე საუბროდა, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხს კი ორიოდე ადამიანი შეეხო.

განხილვის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა შეხვედრა შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ქუთაისელები ქალაქის გადმოსახედიდან აფასებენ მოვლენებს და არა ქვეყნის:

 

“ქუთაისელების ის ნაწილი, რომელიც ქუთაისის პრესტიჟზე ფიქრობს და ქუთაისის გადმოსახედიდან უყურებს განვითარების საკითხს, სწორია, მაგრამ თუ საქართველოს გადმოსახედიდან, დავით აღმაშენებელის გადმოსახედიდან შეხედავს, რა თქმა უნდა, არასწორია”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის თქმით, ქუთაისი მიესალმება თავის ახალ სტატუსს:

 

“ალბათ, ცხადი იყო ყველა დამსწრე ადამიანისთვის, რომ იქ შეკრებილი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით იყო ერთსულოვანი”.

 

შეხვედრას ასევე ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ესწრებდა:

 

“გამომსვლელთა უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ მათთვის არ არის მისაღები პარლამენტის გადატანა თბილისში. ეს იყო მათთვის ყველაზე მტკივნეული თემა და მათ შორის იყვნენ ადამიანები, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხარდაჭერები, რომლებიც უჭერდნენ მხარს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას.”

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვას დღეს ქუთაისში არ ესწრებოდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტუტიციო განხილვა უკვე გაიმართა ზუგდიდში, სადაც მოქალაქეებმა აკაკი ბობოხიძის ავტომობილს კვერცხი ესროლეს. განხილვა, ქუთაისის გარდა, თბილისში (22 იანვარი), ოზურგეთში (23 იანვარი), ბათუმში (23 იანვარი), გორში (24 იანვარი), რუსთავში (25 იანვარი), თელავსა (25 იანვარი) და ახალციხეში (26 იანვარი) გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი