ახალი ამბები

ევროკომისია თურქეთის რეფერენდუმზე: ველით ეუთოს შეფასებას, ცნობებს სავარაუდო დარღვევებზე

17 აპრილი, 2017 • 2109
ევროკომისია თურქეთის რეფერენდუმზე: ველით ეუთოს შეფასებას, ცნობებს სავარაუდო დარღვევებზე

რეფერენდუმს თურქეთში, რომლის შედეგადაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ვიცეპრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გამოეხმაურნენ.

“ველოდებით ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო შესწორება, განსაკუთრებით კი, მისი პრაქტიკული განხორციელება, უნდა შევაფასოთ თურქეთის ვალდებულებებთან კავშირში, რომელიც მას აქვს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასა და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს.

მოვუწოდებთ თურქეთს, ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. რეფერენდუმის შედეგიდან და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თურქეთს, რომ ცვლილებები განახორციელოს საერთო ეროვნული კონსენსუსის გზით”, – წერია მათ ერთობლივ განცხადებაში.

გუშინ, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.

თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალეა, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებების შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა, 2029 წლამდე დარჩეს კაბინეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი