ახალი ამბები

ქარტია მოუწოდებს, შეწყვიტონ სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება

15 იანვარი, 2013 • 1577
ქარტია მოუწოდებს, შეწყვიტონ სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდან შესაძლებელია პირთა იდენტიფიცირება.

 

ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 მუხლის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

 

ეთიკის ქარტიის მე–10 მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

 

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ფარულად გადაღებული მასალების გასაჯაროების საკითხს, მით უფრო, თუ ვიდეომასალა შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი