ახალი ამბებიხელოვნება

თბილისის რომელ თეატრებში და რატომ შეუმცირდათ მსახიობებს ხელფასები

12 აპრილი, 2017 • 4110
თბილისის რომელ თეატრებში და რატომ შეუმცირდათ მსახიობებს ხელფასები

ქართული თეატრის მსახიობების ნაწილი შემცირებულ ხელფასებსა და გართულებულ მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის ერთ-ერთ პირობად კი “ქამრების შემოჭერის პოლიტიკის” შედეგად თეატრებისათვის შემცირებულ დაფინანსებას ასახელებენ.

თემაზე ვრცლად 11 აპრილს ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში მიწვეულმა მსახიობებმა ისაუბრეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფო თეატრის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენს და მცირე შემოსავლის გამო მსახიობებს რამდენიმე ადგილზე მუშაობა უხდებათ. მსახიობები ამბობენ, რომ ისინი გაჭირვებაში იმყოფებიან.

“მოვიჭერთ ამ ქამრებს, მაგრამ ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს არა… რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს, რაც ხდება ამ საქმის გარშემო. ამ შემთხვევაში უჭირთ ადამიანებს და პროტესტს აცხადებენ, გამოდიან და ამბობენ საჯაროდ, რას ფიქრობენ.

უცბად გავიგეთ, რომ ისეთ მსახიობებს მოეჭრათ [ხელფასი], რომ შეიძლება დღეს ამ შემთხვევაში სცენაზე არ გადიან, მაგრამ იმდენი დაიმსახურეს, რომ ხელფასი ჰქონდეთ. როცა დაუტოვებ მხოლოდ პურის ფულს და მთელ ხელფასს წაართმევ, მე მგონი, არ არის ლამაზი, რბილად რომ ვთქვათ. უხდებათ სამ-ოთხ სამუშაოზე ერთდროულად ყოფნა,” – ამბობს მსახიობი ზურა ყიფშიძე.

თეატრის მსახიობთა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობენ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობები, გიორგი ყიფშიძე და ანრი ბიბინეიშვილიც.

ასევე, მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი თამარ სხირტლაძე ამბობს, რომ ხელფასი შეუმცირეს ამავე თეატრის მსახიობ გივი ბერიკაშვილსაც, რომელიც ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. სხირტლაძის თქმით, ბერიკაშვილისთვის ეს მოულოდნელი იყო და ხელფასის შემცირების შესახებ დაახლოებით 2 კვირის წინ გაიგო.

“მარტო ფულში არ არის საქმე. რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ასეთი ტკივილით?” – ამბობს თამარ სხირტლაძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სსიპ-ის დაფინანსება 2017 წლიდან 10%-ით შემცირდა. მათ შორის არიან სახელმწიფო თეატრებიც, რომელთა დაფინანსებაში ცვლილებები ძირითადად სახელფასო ფონდებზე აისახა.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ამჟმინდელი დაფინანსება დაახლოებით 2.3 მლნ. ლარია. გასულ წელს ეს თანხა 2.5 მლნ-ს შეადგენდა. თეატრის ხელმძღვანელის, ეკატერინე მაზმიშვილის თქმით, საბიუჯეტო შემცირების შემდეგ თეატრმა უფროსი თაობის მსახიობებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა მათი ხელფასები და ამის ხარჯზე უცვლელად შეენარჩუნებინა ახალგაზრდა დასის მსახიობების ხელფასები. მაზმიშვილის განცხადებით, ამაზე მოლაპარაკებები მსახიობებთან გასული წლის დეკემბერში გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილება თეატრში შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. თეატრის სამსახიობო დასში ამჟამად 79 მსახიობია, ხელფასი მათგან 16-ს შეუმცირდა. თეარტის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა მსახიობების ხელფასები ისედაც ძალიან დაბალია.

“ამ თაობამ მოგვცა საშუალება, რომ თეატრში შეგვენარჩუნებინა ახალგაზრდა თაობა. მათ შორის ყველაზე მეტად ვისაც შეუმცირდათ [ხელფასი], არიან სახალხო არტისტები. ეს ყველაფერი მოხდა მათთან კონსულტაციით, მათთან შეხვედრებითა და საუბრით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ისინი თავად ამბობდნენ, დაგვიკელით ჩვენ და ხელი არ ახლოთ ახალგაზრდებსო. ამით მათ გადაარჩინეს არა მხოლოდ დასი, არამედ თეატრის სხვა თანამშრომლებიც, რომელთა თეარტში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი… მათი ხელფასები კი ისედაც არის უკიდურესად დაბალი,” – ამბობს ეკატერინე მაზმიშვილი.

თეატრის შემოსავლებიდან იღებენ ხელფასს თეატრის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის, თეატრის დამლაგებლები და დაცვა. შემცირდა თავად ადმინიტრაციის თანამშრომელთა ანაზღაურებაც.

მაზმიშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გახმიანებული ინფორმაცია მსახიობების თეატრიდან გაშვების ან მათთან შეთანხმების გარეშე ხელფასის შემცირების შესახებ.

“შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილება არ იყო მოსაწონი ბევრისათვის, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანები. ამ მსახიობებს გამოსვლაში აქვთ ძალიან დიდი ანაზღაურება, უკიდურესად დიდი… ჩვენ შევინარჩუნეთ ძალიან ბევრი რამ, რაზეც ახლა ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა. მე არ მინდა საუბარი სხვა სახის დახმარებებზე, რაც ამ ადამიანებს აქვთ კვლავ სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სახალხო არტისტებს,” – ამბობს მაზმიშვილი.

კულტურის სამინისტრო სახალხო არტისტების, მხატვრებისა და ლაურეატებისთვის სტიპენდიებსა და სოციალურ დახმარებას გამოყოფს. წელს ეს თანხა 995 000 ლარს შეადგენს. ასევე ფონდი “ქართუ” სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროს გავლით აფინანსებს ხელოვანებს. ის ურიცხავს თახნას სამინისტროს, რომელსაც შემდეგში კონკრეტულ ხელოვანებს გადასცემს.

ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, მსახიობების ანაზღაურება უცვლელი დარჩა რუსთაველის თეატრში. თეატრის დაფინანსება 2017 წელს 3.1 მლნ-დან დაახლოებით 2.9 მლნ-მდე შემცირდა. როგორც რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ია შერაზადიშვილმა გვითხრა, თეატრმა მოახერხა, რომ უცვლელად შეენარჩუნებინა დასის ხელფასები, თუმცა გაუქმდა 6 შტატი თეატრის ადმინისტრაციაში.

“რუსთაველის თეატრმა გადაწყვიტა, რომ ეს ოპტიმიზაცია გაეკეთებინა ისე, რომ მსახიობები არ დაზარალებულიყვნენ. გაუქმდა შტატები ძირითადად ადმინისტრაციულ სამსახურში, ერთი- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ერთი ადმინისტრატორი, ერთი სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი… გაუქმდა ერთადერთი მსახიობის შტატი, ზაზა პაპუაშვილის. ხელფასზე რუსთაველის თეატრის არც ერთ მსახიობს არ მოჭრია არც ერთი თეთრი,” – აცხადებს შერაზადიშვილი.

მისი თქმით, თეატრი იყენებს შიდა შემოსავლებს და სახელმწიფოსაგან ძირითადად ხელფასების გასაცემად იღებს დახმარებას.

რუსთაველის მსგავსად, ადმინისტრაციაში შეამცირეს ხელფასების ოდენობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრშიც. თეატრს სახელმწიფო 1.8 მლნ-ის ნაცვლად წელს 1.7 მლნ-ით აფინანსებს.

“ამ წუთისთვის 100 მსახიობი გვყავს თეატრში. იმ 10%-ის მოჭრა სწორედ მსახიობებს არ შეხებიათ. ეს შეეხო სამხატვრო ხელმძღვანელს, თეატრის დირექტორს, ადმინიტრაციის თანამშრომლებს და ყველას, ვინც არ გადის სცენაზე.

ჩვენი მსახიობების სახელფასო ბიუჯეტი არის ისედაც ძალიან დაბალი და მისი კიდევ უფრო შემცირება გამორიცხული იყო. იძულებული გავხდით, დაცვის სამსახური და დამლაგებლები გადაგვეყვანა შემოსავლიდან მიღებულ ბიუჯეტზე,” – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი.

ერთადერთი თეატრი თბილისში, რომელსაც დაფინანსება წელს გაეზარდა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრია. 2016 წელს მისი დაფინანსება დაახლოებით 8 მლნ იყო, წელს კი 9 მლნ-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი