პროექტი საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა, რომელშიც შედიან ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, იურისტი თამარ კორძაია და გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.
პროექტის მიხედვით სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან ორს ნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა (თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს – ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქცია), ხოლო სამს – პარლამენტის დანარჩენი წევრები. სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
აქამდე საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებდა ხმათა უმრავლეობით.
სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა 6 წლის ვადით.
კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სატელევიზიო და მეოთხე რადიოარხზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ასევე ეყოლება თავისი სამეურვეო საბჭო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან, რომელიც ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის 15%.
საინიციატივო ჯგუფმა პროექტის საზოგადოებრივი განხილვები აჭარაში დაიწყო. მისი საზოგადოებისთვის წარდგენა და მსჯელობა თბილისში 10 იანვარსაა დაგეგმილი.
პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.