ახალი ამბები

კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას მხარს არ ვუჭერ – შალვა შავგულიძე

12 აპრილი, 2017 • 2797
კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას მხარს არ ვუჭერ – შალვა შავგულიძე

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი შალვა შავგულიძე კონსტიტუციით ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრას მხარს არ უჭერს.

ამის შესახებ შალვა შვგულიძემ 12 აპრილს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

“ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები არ ვუჭერთ მხარს, ვინაიდან არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ქართული ოცნება მოექცა თავიანთი არასწორი წინასაარჩევნო პიარკამპანიის ტყვეობაში, ანუ, წინასაარჩევნოდ გააკეთა ასეთი დანაპირები რაღაც იმ მოტივაციით, თითქოს ქართული ოცნება ზრუნავს ქართულ ოჯახზე და სინამდვილეში, არანაირ საჭიროებას ამის ასახვა კონსტიტუციაში არ საჭიროებს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით აბსოლუტურად მოწესრიგებულია.

სამართლებრივ პრობლემებსაც აჩენს, ვინაიდან, როდესაც კონსტიტუციის რანგში განსაზღვრავ ქალისა და მამაკაცის კავშირად ქორწინებას, უკვე საჭირო ხდება ქალის და მამაკაცის დეფინიციების ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების არსებობა. და როცა გენდერული იდენტობის სხვადასხვა სახეები არსებობს, სადაც ეს ასე მყარად განსასაზღვრული არ არის, ამან, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში სერიოზული სამართლებრივი პრობლემებიც გააჩნოს. ეს იყო მცდარი, სრულიად არასაჭირო დანაპირები. ასე ბევრ რამეზე შეიძლება იყოს მოსაზრება, მაგრამ ყველაფრის რეგლამენტირება კონსტიტუციით არ უნდა მოხდეს,”- განაცხადა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 27-ე მუხლში ქორწინება განისაზღვრება, “ როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი