ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩვენ არ უნდა დავუძახოთ ნატოს სკეპტიკოსებს პრორუსები

11 აპრილი, 2017 • 1647
მარგველაშვილი: ჩვენ არ უნდა დავუძახოთ ნატოს სკეპტიკოსებს პრორუსები

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღე თბილისში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესუსტებული უსაფრთხოების პირობებში მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჩამოყალიბებული მესიჯები ჰქონდეს, რომელსაც საზოგადოებამდე მიიტანს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორს აქვს მდგრადი და ერთიანი პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მარგველაშვილის თქმით, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სამხედრო მომზადება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მზაობაა, დაიცვას ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროპაგანდასა და რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებზე. ასევე, სახალხო დიპლომატიის გამოყენებით ქართულ საზოგადოებაში და მის გარეთ სწორი გზავნილების მიტანის აუცილებლობაზე.

“მეტის გაკეთება შეიძლება გულწრფელი დიალოგის ფარგლებში, ვიდრე იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რომელშიც ყველა პოლიტიკური აქტორია ჩასმული,” – ამბობს პრეზიდენტი.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა ნატოს სკეპტიკოსების, მთავრობის ერთიან სტრატეგიულ კომუნიკაციისა და სხვა საკითხების შესახებ.

“არის ნაწილი საზოგადოების, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს მიმართ, რომელსაც გააჩნია თავისი ლოგიკა. ჩვენ როდესაც ვახასიათებთ ნატოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის გააქტიურების ფონზე… არის გარკვეული კონსერვატიული ფაზა, როდესაც ხდება საფრთხეების გადაფასება, რუსეთთან ურთიერთობის გადაფასება, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად იწყება უკრაინის მოვლენების შემდეგ. ეს ფაზა არის ნატოს ისტორიაში.

კითხვის ნიშნები ჩნდება, რამდენად ძლიერია ალიანსი. ამაზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდა ამ სირთულეებს აზვიადებს, აქცევს სკეპტიციზმად. აკეთებს აქცენტს, რომ ეს არის სპეციფიკურად საქართველოს რეალობა და ეს არის რეალობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. მე ვფიქრობ, პასუხი ამ ადამიანების მიმართ არის ის, რომ სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ გრძელი გზა. არ არის მხოლოდ საქართველოს გზა ასეთი გრძელი და რთული.

ჩვენ არ უნდა დავუძახოთ ნატოს სკეპტიკოსებს პრორუსულები. სკეპტიციზმს გააჩნია თავისი ღირებული საფუძვლები,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე აღნიშნა, რომ მდგრადი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში ქართულ მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს; ქართულმა საზოგადოებამ კი მტკიცედ გადაწყვიტა ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა და მის ინტერესებში მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაცია შედის.

10-11 აპრილს თბილისში უკვე მეორედ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდევლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი