ახალი ამბები

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში

10 აპრილი, 2017 • 1762
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში

10-11 აპრილს თბილისში უკვე მეორედ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდევლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე განიხილავენ საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სტრატეგიული კომუნიკაციის როლს, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობას თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში.

კონფერენციას ესწრებიან სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჯან ილდემი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ფორუმის გახსნას საქართელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც თავის მხრივ საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას,” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 26-29 მაისს საქართველოში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი უჩვენებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი