ახალი ამბებისაზოგადოება

პროდასავლური პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან

10 აპრილი, 2017 • 2935
პროდასავლური პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა ინსტრუმენტებით უპირისპირდებიან მას უკრაინაში, მოლდავასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში? – ამ თემის შესახებ დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ისაუბრეს.

დისკუსიაში უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მრჩეველი ალინა ფროლოვა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორ მაკაროვსი, მოლდოვაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმოამდეგელი ელენა მარზაკი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მონაწილეობდნენ. ყველა ქვეყანამ საკუთარი გამოცდილება წარმოადგინა და მათ მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.

დისკუსიის მონაწილეების თქმით, რუსული პროპაგანდის მთავარი სამიზნე მათ ქვეყნებში ევროსტრუქტურები და დასავლური ღირებულებებია და მისი ძირითადი ინსტრუმენტი მედიაა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ დღესდღეობით საქართველოში ევროსტრუქტურების მიმართ ნდობა მაღალია.

მისი თქმით, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთოების გზაზე მიღებული შედეგები განაპირობებს იმას, რომ რუსული პროპაგანდა ვერ ძლიერდება და ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ასევე, კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ადრევე შეიმუშავა სახელმწიფომ, ეფექტურად მუშაობს.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 10.04.17

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი 10.04.17

თუმცა, საქართველოსაგან განსხვავებით, ქვეყანაში ვითარებას შედარებით რთულად აფასებენ უკრაინის წარმომადგენლები.

უკრაინა:

უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მრჩეველი ალინა ფროლოვა ამბობს, რომ ყირიმის მოვლენების შემდეგ უკრაინისათვის ნათელი გახდა, რომ რუსეთისათვის ინფორმაციული ომი არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე მოსამზადებელი საშულებაა, არამედ რეალური ომის ნაწილს წარმოადგენს. ფროლოვას თქმით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავრობამ არაერთ საშუალებას მიმართა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა მათი ეფექტურობა ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის ის, რომ დასავლეთი ცდილობს, ამ საკითხის მიმართ შეინარჩუნოს სტატუსკვო,” – ამბობს ფროლოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ ახდენს რაიმე სახის ღირებულებების პოპულარიზაციას, არამედ უპირისპირდება და გმობს დასავლურ ღირებულებებს, ქმნის ნეგატიურ განწყობებს მათ შესახებ. ფროლოვას განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინაში ხელახლა შეიქმნას წარმოდგენა ევროპული ღირებულების შესახებ:

“უნდა მივცეთ მათ ახალი სიცოცხლე და მივაწოდოთ ის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ამ პროცესის ყველა მონაწილეს.”

უკრაინამ რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად მიიღო რიგი დოკუმენტები, რომლებმაც უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებებს და საინფორმაციო გარემოს განვითარების პრინციპების ჩამოყალიბებას. მათ შორის არის ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი თებერვალში მოაწერა. ჩამოყალიბდა ასევე კონცეფცია, რომელიც ყალბ ცნობებს და აუდიტორიაზე ფსიქოლოგიურ გავლენებს ეხება.

ამჟამად უკრაინისათვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუმჯობესება. ასევე, სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბება.

ბალტიისპირეთი:

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვიქტორ მაკაროვსის თქმით, ამჟამად ბალტიისპირეთის მოსახლეობა ახერხებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ პროპაგანდას. ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო ამ შემთხვევაშიც რუსულენოვანი ტელევიზიებია, რომელსაც, მაგალითად, ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით 32% უყურებს.

“დეზინფორმაციის მიზანია არა მხოლოდ ის, რომ გავრცელდეს ტყუილი, არამედ მან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი ქმედება და იქონიოს გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, მიზნის ეფექტურობა დამოკიდებულია აუდიტორიის სურვილზე – მიიღებენ თუ არა ისინი ამ გზავნილებს.

ლიტვასა და ლატვიაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ წამოეგებიან  რუსულ პროპაგანდაზე, არის მაღალი და ისინი ქმნიან სწორედ ძლიერ დამცავ ბარიერს. ლატვიაში რუსული პროპაგანდა არის წარუმატებელი, რადგან საზოგადოება კრიტიკულად აზროვნებს,” – ამბობს მინისტრის მრჩეველი.

მისი თქმით, პროპაგანდის შესუსტებაზე გავლენა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც იქონია.

ამჟამად ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე მუშაობენ. მაკაროვსის თქმით, ის სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ასევე, რუსულენოვანი აუდიტორიისათვის მედიაში იქმნება მაღალი ხარისხის როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი კონტენტი, რათა კონკურენცია რუსულ ტელევიზიებთან გაიზარდოს.

მოლდოვა:

მოლდოვაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადეგელი ელენა მარზაკი კი ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს:

“რუსული პროპაგანდა მოლდოვაში ყველგან გხვდება – მედიაში, პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში, განათლების სისტემაში და ეკლესიაშიც კი.”

მოლდოვაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინდორმაციით, მოლდოვის მოქალაქეებისთვის ვლადიმერ პუტინი არის ყველაზე სანდო დასავლელი ლიდერი.

პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი მოლდოვაშიც მედიაა. მოლდოვაში უმეტესად რუსულ ტელევიზიებს უყურებენ. მოლდოვური ტელევიზიების 60%-ზე მეტი გადაიცემა რუსულ ენაზე. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ენდობა რუსულ არხებს და არ თვლიან, რომ მათით მანიპულირებენ.

მაღალია პროპაგანდა სოციალურ მედიაში, მაგალითად, რუსულ სოციალურ ქსელს ok.ru მოსახლეობის 80%-მდე მოიხმარს.

მარზაკის თქმით, მოლდოვაში რუსული პროპაგანდის გამოაშკარავება რთულია, რადგან თავად ახლად არჩეული პრეზიდენტის ინტერესებში შედის რუსული ინტერესების გატარება.

ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი პროპაგანდისა და მანიპულაციის წინააღმდეგ.

ნატოს ცენტრში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი გამოსავალია, ჩაიდოს მეტი რესურსი ხარისხიანი რუსულენოვანი მედიაკონტენტის შესაქმნელად.

ელენა მირზაკის თქმით, განსაკუთებული შედეგები არ მოაქვს არც ნატოსა და ევროკავშირის ან სხვა ევროსტრუქტურების მიერ დაგეგმილ პროგრამებს, რადგან როცა პროექტი მთავრდება და დაფინანსებაც აღარ არის, სხვა, დამატებითი ქმედებები აღარ ხორციელდება. მათი დაკვირვებით, ამ პროგრამებს შედეგები არც სამოქალაქო სექტორისათვის და არც მედიისთვის არ მოაქვს.

ამ ეტაპზე მათი მთავარი რეკომენდაციაა, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტი, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო პროპაგანდასთან გასამკლავებლად და რომელშიც კონკრეტულად განისაზღვრება სამოქმედო გეგმა.

შესაძლებელი არის თუ არა, რუსეთთან ინფორმაციულ ომში ჩაბმულმა რეგიონმა საერთო გამოსავალი მონახოს პრობლემასთან გასამკლავებლად?

დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ იმის მიუხედავად, რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თითქმის ერთნაირია, ყველა მათგანმა საკუთარი, ინდივიდუალური გზა უნდა მოძებნოს პრობლემის მოსაგვარებლად.

ასოციაცია M&C Saatchi-ის დირექტორი, კომუნიკაციის ექსპერტის, ჯერი ოსბორნის თქმით, მნიშვნელოვანია, რუსული პროპაგანდის სამიზნე ქვეყნებმა სტრუქტურულად გამართული კომუნიკაცია აწარმოონ საკუთარ მოქალაქეებთან. ამისათვის უნდა შეიმუშაონ სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა და აქტიურად მიაწოდონ აუდიტორიას კონტრინფორმაცია.

დისკუსიის ბოლოს კი სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტში თავმოყრილია ის საშუალებები, რომლებსაც ნატო სახელმწიფო სტრუქტურებს ალიანსის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისთვის სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი