ახალი ამბებიკომენტარი

ქორწინება კონსტიტუციაში, როგორც აგრესიის ლეგიტიმაცია: ინტერვიუ გიორგი ნონიაშვილთან

10 აპრილი, 2017 • 4748
ქორწინება კონსტიტუციაში, როგორც აგრესიის ლეგიტიმაცია: ინტერვიუ გიორგი ნონიაშვილთან

საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ქორწინება ქალისა და კაცის კავშირია. იურისტი გიორგი ნონიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა მანიპულაციაა, ხოლო კონსტიტუცია უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვის დოკუმენტი. წაიკითხეთ, რატომ მიიჩნევს იურისტი, რომ სახელმწიფომ უნდა შემოიღოს “სამოქალაქო პარტნიორობის” სამართლებრივი ნორმა, რათა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ის ბენეფიტები, რაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ.

არღვევს თუ არა ეს კონსტიტუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ქორწინება განისაზღვრება, როგოც ქალისა და კაცის კავშირი, ლგბტ ადამიანების უფლებებს?

ეს კანონპროექტი უკავშირდება პოლიტიკურ მანიპულაციებს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. 4 წელია ეს თემა ინტენსიურად განიხილება და უკავშირდება წინასაარჩევნოდ ელექტორატის მოზიდვას. წინასაარჩევნოდ კონსტიტუციაში რაღაცის ჩაწერაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის წინაპირობები, რა მატერიალური შინაარსი გააჩნია მას. ამ ჩანაწერის მატერიალური შინაარსი ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაიმე ღირებულების დაცვად.

რატომ არ იქნება ღირებულების დაცვა?

ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი გვაქვს, კონსტიტუციის ჩანაწერით სამართლებრივად არაფერი შეიცვლება. ცვლილების მატერიალური შინაარსი ზუსტად არის ის, რომ ხელისუფლება აცხადებდა, რომ რაღაც ინეტერესების დაცვას ემსახურება ეს ჩანაწერი. რა ინტერესებია სინამდვილეში, ეს კითხვა უნდა დავსვათ პირველ რიგში. მე სამართლებრივი თვალსაზრისით ვერანაირ ინტერესს ვერ ვხედავ. პოლიტიკური ინტერესები ამის მიმართ არსებობს.

სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება, უნდა ვიფიქროთ, რამდენად ჰარმონიზებულია ეს ყველაფერი ევროპულ მიდგომებთან. ევროპულ მიდგომებთან ნამდვილად არაა ჰარმონიზებული იმიტომ, რომ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი წყვილის ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა არსებობდეს.

ევროპული მიდგომები არ ამბობს იმას, რომ ყველა წყვილის ქორწინების უფლება უნდა იყოს დაცული. იმიტომ, რომ ქორწინების უფლებას, როგორც ასეთს, არ ცნობს. ნებისმიერი წყვილის სამართლებრივი დაცვა უნდა არსებობდეს. ევროპის ქვეყნებში გვაქვს განსხვავებული გამოცდილებები – არის ქვეყნები, სადაც ქორწინების ინსტიტუტი მიწვდომადი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილისთვის; არის ისეთი ქვეყნები, სადაც ნებისმიერი წყვილისთვის არის მიწვდომადი.

ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენთან არ არსებობს და ევროპის უმეტეს ქვეყნებში არსებობს. როდესაც ჩვენ ვინმეს სამართლებრივი ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ, პირველადი გამოწვევა, თუ ევროპულ მიდგომებთან ჰარმონიზებას გავაკეთებთ, არის, რომ ყველა წყვილი სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ – ეს იქნება ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, ნებისმიერი სახე.

თუ მოქმედ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას უნდა, რომ ყველა ადამიანის ინტერესი დაიცვას, აქედან უნდა დაეწყო და არა კონსტიტუციური ჩანაწერით,  ეს არის ძირითადი სამართლებრივი პრობლემა. ყველანაირი შრომა საკონსტიტუციო კომისიაში ამ საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით უსარგებლოა იმიტომ, რომ თავად კონსტიტუცია ადამიანის უფლებების დაცვის დოკუმენტია. პირველ რიგში, ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი ზუსტად იმას ემსახურება, რომ მომავალ პერსპექტივაში ადამიანის უფლებები შეზღუდოს, მას საშუალება არ მისცეს, რომ სამართლებრივ ფარგლებში არსებობდეს.

ეს ცვლილება პრაქტიკული თვალსაზრისით დააზარალებს ლგბტ ადამიანების უფლებებს?

სამართლებრივად დღევანდელი პერსპექტივით არ დააზარალებს იმიტომ, რომ ჩანაწერი კონსტიტუციაში სამოქალაქო კოდექსის ცნებას იმეორებს, მაგრამ ჩვენ მეორე მხარეც უნდა დავინახოთ – ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო ზრდის მგრძნობელობას. ამ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მზარდი აგრესია. ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ირიბად ხელს უწყობს ამ აგრესიის ლეგიტიმაციას. სწორედ ესაა პრობლემა, რომ როდესაც ვიცით, რომ 4 წლის წინ, 2 წლის წინ, შარშან, 17 მაისს და სხვა ასეთი ტიპის აქტივობებს ძალიან დიდი აგრესია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ამ დროს, როდესაც ხელისუფლება საუბრობს ამ ქორწინების ინსტიტუტის გამკაცრებაზე და ამ ყველაფერს ელექტორატის მოსაზიდად იყენებს, რა თქმა უნდა, ამ ელექტორატს განცდა გაუჩნდება, რომ მისი აგრესიის ლეგიტიმაცია მოხდა კონსტიტუციაში.

კონსტიტუცია არაა ის დოკუმენტი, სადაც ვიღაცის აგრესიის ლეგიტიმაცია მოხდეს. იმიტომ, რომ თავად კონსტიტუცია არის უფლებების დაცვის დოკუმენტი და არაფერი სხვა, როდესაც საზოგადოებას უჩნდება განწყობა, რომ მისი აგრესიის ლეგიტიმაცია მოხდა, მათ შორის კონსტიტუციურად, ეს მას ფორას მისცემს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამოავლინოს აგრესია და ძალადობა საჯარო სივრცეში ლგბტ ადამიანების მიმართ. ირიბად, ცხადია, საზოგადოებას ეძლევა საშუალება, ხელისუფლების მხრიდან რომ იძალადოს სხვებზე.

ფიქრობთ, რომ სამოქალაქო პარტნიორობის სამართლებრივი ნორმა უნდა შემოიღოს ხელისუფლებამ?

ჩვენ პოლიტიკის დოკუმენტი გავამზადეთ ამასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც იზიარებს. ჩვენი პოზიცია არის, რომ თავად კონსტიტუციური ცვლილების მატერიალური შინაარსი რაც არის, აქედან გამომდინარე მიუღებელია, მაგრამ ზოგადად ასეთი ჩანაწერები სხვა ქვეყნის კონსტიტუციაში იშვიათად გვხვდება, მაგრამ სადაც ასეთი საკონსტიტუციო ჩანაწერები არსებობს, პარალელურად, არსებობს სხვა ინსტიტუტები, რომელიც საშუალებას აძლევს ლგბტ წყვილებს, იარსებონ სამართლებრივ ჩარჩოში, მათ შორის, ეს არის სამოქალაქო პარტნიორობა. შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გქონდეს, მაგრამ მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეს სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტი – დაახლოებით ასეთი ევროპული მიდგომები.

სამოქალაქო პარტნიორობა რა ცვლილებებს მოუტანს ლგბტ ადამიანებს?

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი წყვილს ექნება შესაძლებლობა, გააფორმოს სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება და ისინი იქნებიან სამოქალაქო პარტნიორები და მიიღებენ სახელმწიფოსგან იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებსაც იღებენ ქალისა და მამაკაცის წყვილები ქორწინების ფარგლებში. მაგალითად, ეს არის მემკვიდრეობის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ქორწინება, რაზეც ხშირად აპელირებდნენ ხელისუფლება და სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, ქორწინება და შვილად აყვანის საკითხი არის სრულიად სხვადასხვა რამ  – ესენი კორელაციაში არ არიან.

გიორგი ნონიაშვილი. ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

გიორგი ნონიაშვილი. ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

თუ ლგბტ წყვილებს მივეცით საშუალება, რომ სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმონ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შვილად აყვანის უფლება მიეცემათ. ეს სულს სხვა განხილვის საკითხია. ევროპაშიც დაახლოებით ანალოგიური მიდგომებია. არიან ქვეყნები, სადაც ამის საშუალება აქვთ ლგბტ წყვილებს, არიან ქვეყნები, სადაც სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების უფლება აქვთ, მაგრამ შვილად აყვანის უფლება არა.

დავა შესაძლებელია იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ წყვილს ჰქონდეს სამართლებრივ ჩარჩოში თანაარსებობის უფლება. ლგბტ წყვილს კანონის გარეშე არანაირი სამართლებრივი გარანტია არ აქვს – არც მემკვიდრეობის უფლება, ალიმენტი და ის ბენეფიტები და სერვისები, რაც ქორწინებას მოაქვს. მნიშვნელოვანია, რომ თემი არასდროს აპირებდა  ქორწინების უფლებასთან დაკავშირებით დავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი