სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ ქუთაისია.
კონსტიტუციის სამუშაო ტექსტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე პროექტით, პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.