ახალი ამბები

უსუფაშვილი: გაგებით ვეკიდებით შს მინისტრის პოზიციას, მაგრამ…

28 დეკემბერი, 2012 • 1028
უსუფაშვილი: გაგებით ვეკიდებით შს მინისტრის პოზიციას, მაგრამ…

“ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, გულისხმობდა მთავრობასა და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციებს. ძალიან ინტენსიური კონსულტაციები იყო და ეს არის სწორედ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომ ყველა საკითხზე ყოველთვის ვერ იქნება სრული კონსესუსი, მათ შორის პარლამენტსა და მთავრობას შორის. “

 

ჩვენ ძალიან გაგებით ვეკიდებით ბატონი მინისტრის ამ პოზიციას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას, გვესმის მათი არგუმენტები და არის არგუმენტები. პარლამენტს ჰქონდა თავისი არგუმენტები, თავისი მოსაზრებები, რომელიც ასევე ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ის, რაც იქნა მიღებული”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

მისივე თქმით, მისასალმებელია მთავრობასა და პარლამენტს შორის ჯანსაღი დებატები:

 

“მე მივესალმები იმას, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის იყოს ჯანსაღი დებატების და კამათის ვითარებაც, მაგრამ, ცხადია, პარლამენტიც და მთავრობაც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთნაირი გულმოდგინებით შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმასაც, რასაც შესაძლოა პროცესში არ და ვერ ვეთანხმებოდეთ. ეს არის კარგი და მე მგონი, ვერ გაიხსენებთ მაგალითს, რომ წინა დროში ვანო მერაბიშვილს დაეჩივლოს, რომ აი, მე კი არ ვთვლიდი ასე საჭიროდ, თუ სწორად, მაგრამ პარლამენტმა ასე მიიღოო. აი, ის იყო არასწორი, ახლა არის სწორი.”

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშების და ნარკორეალიზატორების ამნისტირების წინააღმდეგია:

 

“თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება საქმე, ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალინ პრინციპულები. დიახ, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ჩვენ, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხავავებული პოზიცია გვქონდა. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ჯაშუშები, ეს არის გახმაურებული თემა. მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე.”

 

ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რასაც პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი