ახალი ამბები

სანტებად გადაქცეული ფეისბუკის იუზერები

28 დეკემბერი, 2012 • • 1115
სანტებად გადაქცეული ფეისბუკის იუზერები

2012 წლის ერთ-ერთი ბოლო საქველმოქმედო აქციის ავტორი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილია. იდეა “გახდი სანტა მისთვის, ვისთანაც სანტა არ მოდის” მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში შესახლებულ დევნილებზე სიუჟეტის გასაკეთებლად წავიდა. 

 

“ეს ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები არიან, ორი თვის წინ რომ შეიჭრნენ რკინიგზის საავადმყოფოში, მათი მშობლები შიმშილობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, შვეიცარიის საელჩოსთან, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, მერიასთან… ახლა მოიპოვეს საავადმყოფოში ცხოვრების უფლება, დროებით, საერთოდ არაფერი გააჩნიათ: არც სახლი, არც კარი, არც სამსახური. საშინელ პირობებში ცხოვრობენ”,-ამბობს ნინო თარხნიშვილი.

 

საავადმყოფოში მცხოვრები 56 ბავშვი, რომელთა ასაკიც 1 თვიდან 12 წლამდეა, ჟურნალისტის იდეის დახმარებით “გახდი სანტა მისთვის, ვისთანაც სანტა არ მოდის” 31 დეკემბერს საჩუქრებს მიიღებს.

 

ნინო თარხნიშვილი ამბობს, რომ არ ელოდა ასეთ აქტივობას. საავადმყოფოდან დაბრუნებულმა ფეისბუკზე იდეის შესახებ დაწერა, რომელიც მალე უამრავმა ადამიანმა აიტაცა. უკვე დღეს, 31 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა ბავშვს თავისი სანტა ჰყავს. სანტა ფეისბუკის რიგითი იუზერია, რომელიც ერთი კონკრეტული ბავშვისთვის საჩუქარს ყიდულობს და 31 დეკემბერს, დღის 12 საათზე, სანტად გადაქცეული ფეისბუკის იუზერების დელეგაციასთან ერთად ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში სოციალურად დაუცველი ბაშვების დასასაჩუქრებლად მიდის.

 

ამ დროისთვის ფეისბუკზე ივენთვის გვერდს 523 ადამიანი ესწრება. 56 ბავშვს სულ ცოტა თითო საჩუქარი უკვე აქვს, ზოგს კი, ორ-ორიც.
გახდი სანტა მისთვის, ვისთანაც სანტა არ მიდის 31 დეკემბერს, რუსთაველის მეტროსთან, 12 საათზე სანტების შეკრებას იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი