ახალი ამბებისაზოგადოება

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა- საქართველოს სტრატეგია 2030 წლისთვის

7 აპრილი, 2017 • 2847
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა- საქართველოს  სტრატეგია 2030 წლისთვის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 14-წლიანი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტი ამბიციურია და მთავრობის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მიზნად ისახავს 2030 წლისთვის დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის, ასევე, მკვდრადშობადობის მაჩვენებლის საგრძნობლად შემცირებას, ოჯახის დაგეგმვის გზით ხელოვნური აბორტების კოეფიციენტის კლებას, ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოზარდების მიერ შობადობის მაჩვენებლის შემცირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელზე პოზიტიურად უნდა აისახოს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის თქმით, 2030 წლისთვის სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხდება  დედათა და ახალშობილთა (ასევე მკვდრადშობადობის) ყველა ისეთი შემთხვევის აღმოფხვრა, რომელთა პრევენცია შესაძლებელი იყო და ამ დროისთვის დაბადებული ყველა ბავშვი იქნება სასურველი.

სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ოჯახის დაგეგმვა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

[blue_box]დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა[/blue_box]

გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების სეზონთაშორისი ჯგუფის შეფასებით, 2000 წლიდან 2015 წლამდე საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 ცოცხლად შობილზე 60-დან 36-მდე შემცირდა, თუმცა მონაცემები კვლავ ორჯერ აღემატება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ამავე პერიოდში, ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების გაეროს ჯგუფის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, შემცირდა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც (ყოველ ცოცხლად შობილ 1 000 ბავშვზე 41-დან 11-მდე შემცირდა). სამინისტროსთვის ოფიციალურად მიწოდებული მონაცემების მიხედვით, მკვდრადშობადობის მაჩვენებელი ყოველ 1 000 მშობიარობაზე 2015 წელს 9,7 იყო.  მიუხედავად კლების ტენდენციისა, ეს რიცხვები  მთავრობის მიერ დასახულ გეგმებს მნიშვნელოვნად აღემატება.

კერძოდ, ახალი სტრატეგიის მიხედვით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 2030 წლისთვის ყოველ 10 000 ცოცხლად შობილზე 12-მდე უნდა იკლოს. ხოლო ახალშობილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1000 ცოცხლად შობილზე 5-მდე უნდა შემცირდეს. მკვდრადშობადობის მაჩვენებელი კი, ყოველ 1000 მშობიარობაზე 2030 წლისთვის 9,7 დან 6,8-მდე უნდა შემცირდეს.

ამ შედეგის მიღწევას ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტური ინტერვენციების შემუშავებით გეგმავს, რომელიც მოიცავს როგორც ჩასახვამდე ზრუნვას, ასევე, ორსულობის პერიოდში და მის შემდგომ საჭირო სერვისების გაძლიერებას.

ექთანი უტარებს ახალშობილს საჭირო პროცედურებს ფოტო: EPA

ექთანი უტარებს ახალშობილს საჭირო პროცედურებს ფოტო: EPA

დედათა  სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებად საქართველოში მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში განვითარებული სისხლდენა (21%) და ინფექცია (10,5%) ითვლება.  ფაქტორებს, რომლებიც ქალების მშობიარობის შემდგომი ინფექციების წინაპირობას წარმოადგენს, მიეკუთვნება ანემია, ცუდი კვება, გახანგრძლივებული მშობიარობა, ხშირი ვაგინალური გასინჯვები და  სანაყოფე გარსის ნაადრევი გახევა. სეფსისი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს საკეისრო კვეთა წარმოადგენს. ამის ფონზე, 2015 წელს საქართველოში საკეისრო კვეთების სიხშირე თითქმის 50%-ით გაიზარდა და 41%-ს მიაღწია. პირველადი საკეისრო კვეთის სიხშირემ კი საქართველოში ამგვარად ჩატარებული მშრობიარობების 55% შეადგინა – მათი უმეტესობა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ჩვენების გარეშე ტარდება.

რაც შეეხება ახალშობილებს, ქვეყანაში ახალშობილთა სიკვდილიანობის და ავადობის საფუძვლად მიიჩნევა ისეთი ძირითადი ფაქტორები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ზრდის შეფერხება, თანდაყოლილი ანომალიები, მშობიარობებს შორის მოკლე ინტერვალი და სხვა. პრობლემაა ადრეული ორსულობაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოზარდი დედების (20 წლამდე ასაკის) ახალშობილები უფრო მაღალი ალბათობით იბადებიან დაბალი წონით ან/და ნაადრევად. ამასთანავე, პერინატალური სიკვდილის რისკი მათში 50%-ით მეტია, ვიდრე ზრდასრული დედების შემთხვევაში.

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული სტრატეგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია, ჩასახვამდელი, ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და მის შემდგომ არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და მათ მეტად ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ასპექტია ცნობიერების ამაღლებაც.

საბოლოო ჯამში, სტრატეგიის მიხედვით, სერვისებმა სრულად უნდა მოიცვას იმ ქალების წილი, რომლებმაც მიიღეს ჩასახვამდელი მომსახურება. თუ 2016 წელს მათი რაოდენობა 10% იყო, 2030 წლისთვის მთავრობა მიზნად ისახავს, ისინი სრულად მოიცვას. ასევე, ყველა ორსული 4-ჯერ ან მეტჯერ უნდა  იყოს ნამყოფი ანტენატალურ ვიზიტზე (2016 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა ორსულთა 86%-ს შეადგენს). მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში ქალების 100%-ს უნდა ჰქონდეს კონტაქტი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთან. მთავრობა მიზნად ისახავს, საკეისრო კვეთების რიცხვიც 41-დან 15 პროცენტამდე შეამციროს.

[red_box]ოჯახის დაგეგმვა[/red_box]

სტრატეგიის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ოჯახის დაგეგმვაა. 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, 1999 წელს საქართველოში ყველა ორსულობის მხოლოდ 41% იყო სასურველი. ეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 48%-მდე 2005 წელს და 63%-მდე- 2010 წელს. დაუგეგმავი ორსულობის დიდი ნაწილი, 94,4 % დასრულდა ხელოვნური აბორტით, ბუნებრივი აბორტით, ან მკვდრადშობადობით. აქედან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ოჯახის დაგეგმვა შობადობას კი არ ამცირებს, არამედ ის აბორტების რაოდენობის კლებას იწვევს, რაც თავის მხრივ, აბორტის შემდგომი გართულებების რიცხვს შეამცირებს.

მიზნის განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობას ორ ძირითად მიმართულებას შესთავაზებს- ოჯახის დაგეგმვის საკონსულტაციო სერვისის შემუშავებას და კონტრაცეფციული საშუალებების ხელმისაწვდომობას. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ოჯახის დაგეგმვის სერვისები ჩართული უნდა იყოს პირველად ჯანდაცვაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ოჯახის დაგეგმვის კონსულტაციისა და კონტრაცეფციული საშუალებების დანიშვნის სერვისის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტში ჩართვაზე. კონტრაცეფციული საშუალებები კი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს მათი შეძენა:

“ვფიქრობთ, კონტრაცეფცივებზე ხელმისაწვდომობა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს მათი შეძენა. ანუ ყველაზე ღარიბ და მოწყვლად ფენაზე. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ,  რაც არ უნდა იაფი იყოს კონტრაცეფცივი, ხელმისაწვდომობა ამ ფენისთვის არის ლიმიტირებული. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში მათთვის იყოს მეტი ხელმისაწვდომობა, როგორც სერვისზე, ასევე კონტრაცეფციულ საშუალებებზე” – ამბობს ნინო ბერძული.

ბავშვები გერმანიაში ფოტო: EPA

სტრატეგიის მიხედვით, კონტრაცეფციულ აბებთან ერთად, საშვილოსნოსშიდა საშუალებებიც უფასოდ ხელმისაწვდომი გახდება მიზნობრივი, სოციალურად დაუცველი ქალებისთვის. ასევე, შემუშავდება ოჯახის დაგეგმვის მომსახურების სტრატიფიცირებული პაკეტები რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე საჭირო მოთხოვნების შესაბამისად.

შედეგად, 2030 წლისთვის დაუგეგმავი ორსულობების პროცენტული წილი 15% იქნება, როცა 2016 წელს ეს 37%-იყო. ხელოვნური აბორტების მაჩვენებელი კი ყოველ 1000 ქალზე 36,7 დან 25-მდე უნდა შემცირდეს.

ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

სტრატეგიის მესამე მიმართულება ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. 2015 წელს  გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ახალგაზრდების ცოდნა სქესობრივ და რეპროდუქციული ჯამრთელობის კუთხით ძალიან მწირია. ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა 2030 წლისთვის მოსწავლეების 90%-ს სკოლაში ჩაუტარდეს სწავლება ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სქესობრივი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამასთანავე, სტრატეგიის მიხედვით, შესაძლოა,  პირველადი ჯანდაცვის რგოლებში სპეციალური ფუნქციის, ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდება. ასევე, თანამედროვე კონტრაფეპტივების უსასყიდლოდ გავრცელების პროგრამაში ახალგაზრდების, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის ჩართვა. საბოლოოდ კი, 2030 წლისთვის, შეიძლება მოზარდების მიერ შობადობის მაჩვენებელი (15-დან 19 წლამდე) ყოველ 1000 ქალზე 48,6 დან 20ზე ან უფრო ნაკლებზე ჩამოვიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი