ახალი ამბები

განმარტება შსს-დან – რატომ ყიდულობენ მობილურიდან ინფორმაციის ამოსაღებ მოწყობილობებს

5 აპრილი, 2017 •
განმარტება შსს-დან – რატომ ყიდულობენ მობილურიდან ინფორმაციის ამოსაღებ მოწყობილობებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოსაღები მოწყობილობების შეძენა მიზნად ისახავს სწრაფი, დროული და ეფექტური გამოძიების წარმოებას, დანაშაულის გახსნის ხელშეწყობას.

შსს-ს განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას.

“თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხდება აღნიშნული ინფორმაციის ამოღება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, კომპიუტერულ სისტემას მიეკუთვნება ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს. კომპიუტერულ სისტემას მიეკუთვნება, მათ შორის, მობილური ტელეფონი”, – განმარტავს შსს.

სამინისტროს განმარტებით, გასულ წლებში შეძენილი ამავე ტიპის მოწყობილობა გათვლილი იყო მხოლოდ ბრენდული კომპანიების ნაწარმოებ მობილურ ტელეფონებზე. დღესდღეობით ბაზარზე საგრძნობლად არის მომატებული არაბრენდული წარმოების ტელეფონების მოთხოვნა, რის გამოც აუცილებელია, შესყიდულ იქნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც შეძლებს ნებისმიერი წარმოების მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას. ამ მიზნით საჭირო გახდა 2 პროგრამის შესყიდვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოსაღები მოწყობილობების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი