ახალი ამბები

საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგია

4 აპრილი, 2017 • 2005
საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადების თანახმად, როგორც საქალაქო/რაიონულ, ასევე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეები უვადოდ დაინიშინებიან.

ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს, 4 აპრილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის შეხვედრაზე, მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიის პრეზენტაციაზე გააკეთეს.

თანამდებობაზე მოსამართლეების უვადოდ გამწესება მართლმსაჯულების ამ სტრატეგიის ნაწილია და მისი განხორციელება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, უვადო დანიშვნებზე გადასვლა გარკვეული დათქმების საფუძველზე უნდა მოხდეს:

“გვაქვს გარკვეული დათქმა იმასთან დაკავშირებით გაკეთებული, რომ შეიძლება, ერთბაშად ეს არ განხორციელდეს და ეს მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იქნება უზრუნველყოფილი უფრო მაღალი კლასის, სერიოზული საკვალიფიკაციო გამოცდა მოსამართლეებისთვის, როდესაც გაუმჯობესდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის სისტემა და ბევრი სხვა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, როდესაც თამამად შეგვეძლება, პირველივე კადიდატი, რომელსაც არ აქვს მოსამართლეობის გამოცდილება, დავნიშნოთ სამუდამო ვადით და სამუდამოდ ვანდოთ მათ მართლმსაჯულება. თუმცა ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი გამოსაცდელ ვადაზე, ეს ეჭვს არ იწვევს,”- განაცხადა ევა გცოცირიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაერთოს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 10 წლის ვადით ნიშნავს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოსამართლეთა არჩევის საქმეში გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის გაძლიერება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საქმეში. მოგეხსენებათ, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის სფეროში საბჭო მთლიანად გამორიცხულია და მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანი არ არის და ეწინააღმდეგება მოსამართლეთა დაწინაურების პრინციპსაც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დიახ, უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მოქმედ მოსამართლეთა კორპუსიდან წარუდგინოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს კანდიდატურები, რომლებსაც ის მიიჩნევს, რომ მათ შეუძლიათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი თანამდებობის დაკავება,”- განაცხადა ევა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 1 წელიწადი მიმდინარეობს. დოკუმენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. გვენეტაძის თქმით,  სასამართლოს სისტემის სტრატეგიისა და 5-წლიანი სამოქმედო გეგმის შექმნა ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს და მასში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ჩართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი