ახალი ამბები

როგორ ასაბუთებს ხარების უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნას ინიციატივის ავტორი

4 აპრილი, 2017 • 5873
როგორ ასაბუთებს ხარების უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნას ინიციატივის ავტორი

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რომ ხარების დღესასწაული უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლი ეკლესიაში ვერ დადის ხარებისადმი მიძღვნილ წირვაზე დასასწრებად.

“ნეტგაზეთი” პაატა ჯიბლაძეს დაუკავშირდა იმ არგუმენტების მოსასმენად, თუ რატომ არის აუცილებელი და საჭირო 7 აპრილის უქმე დღედ გამოცხადება.

35435

“12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხარება ყოვლადწმინდის, დედისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ეკლესიის სწავლებით ეს არის განსაკუთრებული დღე, დღე კაცობრიობის ხსნის დასაბამისა და საუკუნეებით დაფარული საიდუმლოს გაცხადებისა. აქედან იწყება ახალი აღთქმა, რომლის გვირგვინი არის აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მიუხედავად ჩვენს სამშობლოზე დატეხილი ქარტეხილებისა, მტრების მცდელობისა ფიზიკურად თუ სულიერად, გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ერი ინახავდა ამ დღისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას. კომუნისტურ ეპოქაშიც კი, როდესაც რწმენის წინააღმდეგ აღვირახსნილი ბრძოლა მიმდინარეობდა, ქართველ ადამიანი ინახავდა ხარების აღნიშვნის ტრადიციას, ამ დღეს არ ხნავდნენ, არ თესავდნენ, არ აშენებდნენ, ადამიანებს ღრმად სწამდათ, რომ გაზაფხულის ამ ულამაზეს დღეს ბუნებაც ისვენებს და ზეიმობს. ალბათ ყველას გვსმენია, რომ ხარებას ჩიტი ბუდეს არ იკეთებს, აი, ასეთი დღეა ხარება”, – ამბობს ჯიბლაძე.

პაატა ჯიბლაძე ასევე საუბრობს იმის შესახებაც, რომ ხარება – 7 აპრილი, ემთხვევა მარხვის პერიოდს, რომლის დროსაც მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია ეკლესიაში მისვლა და ხარებისადმი მიძღვნილ წირვაზე დასწრება.

“განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის, რომლებიც მარხულობენ და თავს ვალდებულად თვლიან დაესწრონ ხარების საზეიმო წირვას. მას შეიძლება უფროსი ჰყავდეს არამართლმადიდებელი და მისთვის არ იყოს ეს დღესასწაული და არ გაუშვას ადამიანი”, – ამბობს ჯიბლაძე.

მისთვის მიუღებელია ნებისმიერი არგუმენტი იმისა, რომ ხარების დღე უქმედ არ გამოცხადდეს.

“7 აპრილს მოსდევს 9 აპრილი, ჩვენი სისხლისა და ხორცის დაკარგვით გამოწვეული სევდის და, ამავე დროს, ერის ერთობის, ურთიერთსიყვარულისა და დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ინიციატივაა, ხარება გამოცხადდეს დასვენების დღედ. დარწმუნებული ვართ, ამ ულამაზესი დღეების ღირსეულად აღნიშვნის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და შემართებით განაგრძობს შრომას თავისი სამშობლოსა და ოჯახების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ არგუმენტს იმის შესახებ, რამე უარი თუ მოიფიქრა პარლამენტმა… ჩვენი ინიციატივების სიკეთეები ისეთია და ისე სიყვარულით განაწყობს ადამიანს, რომ, მე მგონი, პარლამენტი ამაზე უარს ვერ იტყვის”, – ამბობს პაატა ჯიბლაძე.

აღნიშნული მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა “მემარცხენე ალიანსმა” პარლამენტში დღეს, 4 აპრილს შეიტანა.

პარლამენტმა 23 თებერვალს დიდგორობა, 1121 წელს მომხდარი ბრძოლის დღე, 12 აგვისტო უქმედ გამოაცხადა.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

მასალების გადაბეჭდვის წესი