საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე ძალაშია. როგორ ეხება უვიზო რეჟიმი ევროპაში მყოფ იმ ქართველებს, რომლებიც იქ არალეგალურად მუშაობენ და რა რისკებთანაა დაკავშირებული მათ მიერ ევროპის ტერიტორიის დატოვება უვიზო რეჟიმის გამო უკან იოლად დაბრუნების იმედად ? – ნეტგაზეთის შეკითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა ტაბატაძე პასუხობს:
ვიზალიბერალიზაცია არალეგალებთან მიმართებაში საერთოდ არაა კავშირში, ანუ არც ამსუბუქებს მათ მდგომარეობას და არც ამძიმებს. არალეგალურად ყოფნა თავისთავად ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც [წესი] დარღვეული გაქვს. თვითონ სიტყვა მიუთითებს ამაზე. ის, რომ ვიზალიბერალიზაციამ შეიძლება მათზე დევნა განაპირობოს ან მასობრივად გამოაძევონ… ასე არ მოხდება, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის საფუძველზე ვერც ლეგალურ მდგომარეობაში გადავლენ. ანუ სტატუსი არ შეეცვლებათ.
ამჟამად ევროპაში არალეგალურად მყოფი რომელიმე შრომითი მიგრანტი შეიძლება ფიქრობდეს იმაზე, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და შემდეგ უვიზო რეჟიმის საფუძველზე უკან, ევროპაში ადვილად დაბრუნდეს?
ეს შესაძლებლობა აქვს. ნებისმიერს შეუძლია, რომ დაბრუნდეს საქართველოში და შემდეგ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს, ოღონდ მას არ უნდა ჰქონდეს დაწესებული გარკვეული შეზღუდვა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა ზოგადად საემიგრაციო წესების დარღვევაა და ამას თავისი სანქცია მოჰყვება, რომელიც შეიძლება შესვლაში შეზღუდვით იყოს გამოხატული და შესაძლოა, ფინანსური სანქციით, ანუ მოქალაქე დაჯარიმდეს. თუკი ის საზღვარს ისე გადმოკვეთს და ისე ჩამოვა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ან მის მიმართ არანაირი ღონისძიება არ გატარდება [უვიზო რეჟიმით ისარგებლებს].
ანუ ეს არის რისკი მისთვის?
რისკი ისედაც არსებობს, რადგან დარღვეული გაქვს (საემიგრაციო წესები). ყველა არალეგალის მიმართ ისედაც არსებობს რისკი.
თუ ადამიანი მაინც გარისკავს წამოსვლას, მაგრამ ხელთ არ აქვს პასპორტი?
შეუძლია ნებაყოფლობით დაბრუნდეს საქართველოში. უნდა მიმართოს ჩვენს საელჩოებს ან საკონსულოებს, თუ მას არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი (თუ დაკარგული აქვს ან დახეული) და იქ მიღებული საბუთის საფუძველზე გამოემგზავრება უკან. მაგრამ მასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული [დეტალები გარკვეული]. მისი არალეგალური მდგომარეობა რასთან იყო იქ კავშირში? შეიძლება რაღაც [კრიმინალი] აქვს ჩადენილი ან დავალიანება აქვს, ვთქვათ, კომუნალურ გადასახადს არ იხდის. ამ ყველაფრის გათვალისწინება მოუწევს. ისე ვერ მოხდება, რომ ამ ყველაფერს… შეიძლება კრიმინალშია ეჭვმიტანილი და მოდის იმიტომ, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.
ასეთ შემთხვევაში საზღვარზე შეიძლება დააკავონ?
რა თქმა უნდა. ყველა ის დეტალი, რაზეც ვისაუბრე, განაპირობებს მის მიმართ დამოკიდებულებას.
მოდით, მაშინ დავშალოთ ეს საკითხი და ვისაუბროთ მხოლოდ უკანონო შრომით მიგრანტებზე, რომლებიც ამჟამად ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მუშაობენ. დავუშვათ, რომ მათ არ აქვთ პასპორტები, მიმართავენ საელჩოებს და აიღებენ დროებით სამგზავრო დოკუმენტებს, რომლითაც საქართველოში დაბრუნდებიან… ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ შემდგომში ევროკავშირში შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები ან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ?
აქაც იგივე მიდგომაა. მოქალაქე საზღვარზე როცა გამოვა, მის მიმართ დაისმევა კითხვა: როდის შემოხვედი [ევროპაში], რამდენი ხანია აქ ხარ? თუ აღმოჩნდება, რომ ზოგი იქ უკვე ერთი წელია [არალეგალურად ცხოვრობს], ზოგი ორი წელი და ა.შ. ამ შემთხვევაში მესაზღვრე გადაწყვეტს: საემიგრაციო წესების დარღვევას სხვა რაიმე სახის დარღვევაც ხომ არ ახლდა თან? თუ სახეზე მხოლოდ საემიგრაციო წესების დარღვევაა, შეზღუდვა [შემდგომში შესვლაზე], რომელიც მას შეიძლება დაუწესდეს, არის მაქსიმუმ 5 წელი, შეიძლება არც დაუწესდეს ასეთი შეზღუდვა და უთხრან: თქვენ ახლა გადაიხდით ჯარიმას თითოეულ გადაცილებულ დღეზე, მიბრძანდით და შემდეგ ნებისმიერ დროს ჩამოხვალთ. გააჩნია, როგორ მიუდგება [მესაზღვრე]… არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა; შეიძლება ფინანსური [სანქცია] დააკისროს მხოლოდ, შესაძლოა ორივე ერთად [ფინანსურიც და შესვლაზე შეზღუდვაც], შეიძლება მარტო შეზღუდვა და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რა სახის დარღვევაა..
ეს საკითხი უშუალოდ რა ადგილას ირკვევა, აეროპორტში?
მესაზღვრესთან. თუ მანამდე სხვაგან სამართალდამცავ უწყებასთან შეხება არ გქონია, ქვეყნიდან გამოსვლამდე ბოლო [ინსტიტუცია], ვისთანაც ურთიერთობა გექნება, არის მესაზღვრე. ის ჩახედავს მოქალაქის ისტორიას და ნახავს, როდისაა შემოსული, რა მონაცემები ფიქსირდება, რა დარღვევა აქვს, კრიმინალი ხომ არ არის მის სახელზე ან რაიმე მძიმე დანაშაული. ამ ყველაფერს ერთობლიობაში შეაფასებენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
საემიგრაციო წესების დარღვევაში იგულისხმება არალეგალურად მუშაობაც, ხომ?
რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი იქ ტურისტული მიზნით ჩადის, შემდეგ კი რჩება და არალეგალურად იწყებს მუშაობას, ეს არის საემიგრაციო წესების დარღვევა.
ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ ისინი საზღვარს გადმოკვეთენ და საქართველოში ჩამოვლენ უკან, ევროპაში დაბრუნებას ვეღარასოდეს მოახერხებენ. თქვენ თქვით, რომ შესვლაზე მაქსიმუმ 5 წლამდე შეზღუდვა შეიძლება დაუწესდეს ისეთ ადამიანს, ვისაც მხოლოდ საემიგრაციო წესები აქვს დარღვეული, მაგრამ ადამიანები ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ისტორია 5 წლის მერეც გაჰყვება და ამ დროის გასვლის შემდეგ ეჭვის თვალით შეხედავენ, ანუ ვეღარასოდეს მოახერხებს ევროპაში ჩასვლას…
ყოველი შეზღუდვა კონკრეტულ შემთხვევაზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, მხედველობაში შეიძლება იყოს მიღებული, მონაცემები არ იკარგება და მის ისტორიას გადახედავენ. მაგრამ ის, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეს პრობლემად და ერთხელ დაწესებული შეზღუდვის გამო მთელი ცხოვრება ვეღარ მოახერხოს ევროპის ტერიტორიაზე შესვლა, ასეთი რამ არ ხდება. ყველა კონკრეტული შემთხვევისადმი არის ინდივიდუალური დამოკიდებულება. შეიძლება, თქვენ დღეს მესაზღვრემ შეშვებაზე უარი გითხრათ, რადგან გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილეთ, მაგრამ გამობრუნდეთ, სხვა დროს ჩახვიდეთ და შემდეგ ჯერზე გაგატარონ.