ხუთი სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს განსხვავებული პასუხები აქვს კითხვებზე, როგორ განახორციელებს ბორდის მიერ დადგენილ პრიორიტეტებს, როგორი იქნება არხის საინფორმაციო პოლიტიკა, როგორ გადაჭრის ფინანსურ პრობლემებს, რაც არხის ფინანსურ დავალიანებას უკავშირდება და როგორ იმუშავებს ახალი არხი ახალ ხელმძღვანელთან ერთად.
გიორგი ბარათაშვილი უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გია ჭანტურიას მოადგილე გახლდათ ტექნიკურ დარგში. დღეს ის ერთ-ერთი კანდიდატია, ტელევიზიაში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილებით. მისი გამოცდილება, ძირითადად, ტექნიკურ სფეროს უკავშირდება. წლების წინ ოპერატორად მუშაობდა, შემდეგ კი არხის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელიც გახდა. კანდიდატის სრულ სამუშაო გამოცდილებას თუ განათლებას გაეცანით მოცემულ ბმულზე:
გიორგი ბარათაშვილს არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოსწონს თუ არა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” არსებული საინფორმაციო გამოშვება. “ნეტგაზეთის” არაერთგზის დასმულ კითხვაზე, შეეფასებინა არხის საინფორმაციო პოლიტიკა, ბარათაშვილმა უარი განაცხადა.
“თუ დავინიშნე, მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ჩემი კრიტერიუმი ის იქნება, რომ საინფორმაციო იყოს ობიექტური, მე ამას გავაკეთებ, თუ მომცემენ საშუალებას”, – ამბობს ბარათაშვილი.
კითხვაზე, თუ რა საშუალებებს გამოიყენებს ამ მიზნის მიღწევისთვის, კანდიდატი გვპასუხობს:
“ძალიან ბევრი საშუალებაა- მონიტორინგის, ტრენინგების. განვიხილოთ მისი მუშაობა ამ მონიტორინგის შედეგებით, თუ როგორი იქნება და მერე მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები.”
მას შემდეგ, რაც ბარათაშვილს ვახსენებთ, რომ მსგავსი ტრენინგები აქამდეც ჩატარებულა და იგივეს გაკეთება რატომაა სიახლე, ბარათაშვილი ამბობს:
“სიახლე ერთ და ორ დღეში ვერ იქნება. საინფორმაციო სამსახურის მთავარი პრიორიტეტი რა არის? ის, რომ თქვას ფაქტი და ა.შ. ხომ? სიახლე საინფორმაციო სამსახურში, რას გულისხმობთ?”
ბარათაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი არხის ფინანსური პრობლემების მოგვარებაა:
“მთავარია, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები. სხვადასხვა წლებში დაგროვილი დავალიანება ძალიან დიდია. მთავარია, გაიწმინდოს მაუწყებელი ამ ძალიან დიდი დავალიანებისგან. აქ არის ვალდებულება კომერციული ბანკების, სახელმწიფოს წინაშე და ეს ძალიან დიდი თანხებია. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ 2013 წელი გახდეს ფინანსური კრიზისის მოგვარების წელი”.
ბარათაშვილი ამბობს, რომ არხზე ჭანტურიასთან ერთად მუშაობის დროს ის არ ყოფილა ამ საკითხში ჩახედული, რადგან ტექნიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პრობლემის გადაჭრას ბარათაშვილი ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დაწყებით გეგმავს და ვალის რესტრუქტურიზაციას ვარაუდობს. მისი თქმით, გარდაუვალია, არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არხზე მომუშავე თანამშრომლების შემცირება.
ის, რის შეცვლასაც არხზე ბარათაშვილი გეგმავს, ეს არის ბორდის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში გადაცემების გარე სტუდიებიდან მიღება. რაც ნიშნავს, რომ არხზე მხოლოდ ახალი ამბების და დილის გადაცემი მომზადდება, ყველა სხვა გადაცემას კი ტენდერის საშუალებით გამარჯვებული სტუდიები მოამზადებენ.
“შეიქმნება პროდიუსერთა ჯგუფი, სამხატვრო საბჭოს მსგავსი, რომელიც ბორდის პრიორიტეტებზე განსაზღვარავს გადაცემებს და შემდეგ სხვადასხვა სტუდიები მიიღებენ მონაწილეობას და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბარათაშვილი.
ვრცლად ინტერვიუ გიორგი ბარათაშვილთან შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე:

ნათია აბრამია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის ვაკანტურ პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატია, რომელიც არხის ბორდმა მეორე ტურში გადაიყვანა.
ნათია აბრამია 2007 წლიდან დღემდე ბრიტანული “საზოგადოებრივი მაუწყებლის”, BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების პროდიუსერია. სხვადასხვა ეტაპზე ბი-ბი-სის რუსულ და ინგლისურენოვანი მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის: მკვლევარი, პირდაპირი ეთერის გამშვები, პროდიუსერი, რედაქტორი, საიტის მენეჯერი, დაგეგმარების კოორდინატორი. ამჟამად ყოველდღიური და ყოველკვირეული გადაცემების, ანალიტიკური შოუების და სპეც. პროექტების ჟურნალისტი. კანდიდატის სრულ სამუშაო გამოცდილებას თუ განათლებას გაეცანით მოცემულ ბმულზე:
ნათია აბრამია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ არის ის მაუწყებელი, რომლის ყოველი დირექტორი ახალი ხედვით უნდა მოდიოდეს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროგრამული პრიორიტეტები უკვე შედგენილი და დამტკიცებულია, ანუ ბორდმა უკვე მისცა დავალება დირექტორს და მას შეუძლია მხოლოდ ეს დავალება შეასრულოს.
აბრამია ფიქრობს, რომ ბორდის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემთხვევაში, საზოგადოება უკეთეს “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მიიღებს. თუმცა კანდიდატი ფიქრობს, რომ არსებულ პრიორიტეტებს ბევრი რამ აკლია, “მათ შორის, ინტერაქტიულობა, სოციალური ქსელები, სოციალური ქსელების გამოყენება, მოქალაქე ჟურნალისტები, სტუდენტების გამოყენება, აკლია რადიო-ტელე-ონლაინ პლატფორმების შერწყმა, ვებ-პლატფორმა, რომელიც არ არის როგორც პრიორიტეტები ჩადებული, აკლია ფორუმები და ენა. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უნდა იყოს ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე, ეს არ არის ის, რაზე მუშაობაც შემიძლია დავიწყო, მხოლოდ შემიძლია დავაყენო განხილვის წინაშე, რომ შემდეგ იყოს ეს პრიორიტეტებში გათვალისწინებული”, – ამბობს აბრამია.
ნათია აბრამია ამბობს, რომ მისი გამოცდილება დღეს ყველაზე მეტად სჭირდება “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, რადგან, მთავარია, არხმა ნდობა დაიბრუნოს, საინტერესო შინაარსის მქონე გადაცემები შექმნას და შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლას გაუმკლავდეს:
“არის რამდენიმე საშიშროება, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ჰქონდა არასანდო, არარეიტინგული, ცუდი შინაარსის გადაცემები, იყოს პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი, იყოს გაუმართავი მენეჯმენტურად, იყოს ფინანსური პრობლემები. პუნქტებით თუ ჩავუყვებით, არასანდოს და არარეიტინგულზე უშუალოდ ვიმუშავებ და საუკეთესო სპეციალისტებს ჩავრთავ. პოლიტიკური ზეწოლა ვერ იქნება, რადგან ვარ მიუკერძოებელი. თუ იქნება პოლიტიკური ზეწოლა, ხმამაღლა დავიწყებ საუბარს ამის შესახებ. არასტაბილური ფინანსურად ვთვლი, რომ არ იქნება, თუ ჩაერთო საუკეთესო პროფესიონალების გუნდი და თუ მოხდა არა მხოლოდ ამ ვალის რესტრუქტურიზაცია, არამედ ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა… ეს არ არის ადვილი, არ არის ერთი და ორი თვის საქმე, მაგრამ ნურავინ ნუ იტყვის, რომ ეს არის შეუძლებელი, ან ამ ბორდის ან არსებული რეალობის პირობებში, ეს არის შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა”, – აცხადებს აბრამია.
ვრცლად ინტერვიუ ნათია აბრამიასთან შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე:
ნიკოლოზ მახარაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორია მართვის მენეჯმენტში. მახარაშვილის სრული სივი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ.
კანდიდატს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ტელევიზიის განვითარებას ასე ხედავს:
“მე ასეთი მიდგომა მაქვს: მიღწეულია რაღაც დონე და კონკურენციის პირობებში მომატებაა საჭირო და ამის სპეციალისტი ვარ მე. თქვენც ხომ გნებავთ, ხარისხი იყოს უკეთესი?”
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რას გულისხმობს უკეთეს ხარისხში, კანდიდატი გვპასუხობს:
“კომპლექსურად ვგულისხმობ, თუ დეტალურად გნებავთ, გეტყვით, ხარისხის მომატება ნიშნავს კარგ, პერფორმანსული მენეჯმენტის დანერგვას, შემდეგ ვგულისხმობ საზოგადოებაზე ორიენტირებას, ანუ ეს არის საზოგადოებრივი არხი, ბიბისის მსგავსი, რაც ნიშნავს საზოგადოების მოთხოვნის მიხედვით გაკეთებას”.
მახარაშვილი საინფორმაციო არხის გამოშვებებსა და თოქ- შოუებზე ამბობს, რომ მათი სახელწოდებები მოსწონს:
“რაც შეეხება თოქ- შოუებს, რა თქმა უნდა, სახელწოდებები მომწონს… მე უფრო მომხრე ვარ ნეიტრალური საინფორმაციო პოლიტიკის, რომელიც განსაზღვრავს, რაც რეალობა არსებობს და არა ინტერპრეტაციის, ანუ კომენტარს, მე რეალური საინფორმაციო პოლიტიკის მომხრე ვარ, რომელიც ყველა ფენისთვის იქნება გასაგებ ენაზე მოთხრობილი”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნიკოლოზ მახარაშვილი.
მახარაშვილთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე.
თინათინ (თიკა) რუხაძე 2011 წლიდან დღემდე ივენთ მასტერსის მმართველი პარტნიორია, 2010-12 წლებში კომპანია “დექსუსის” პროექტების რეაბილიტაციის უფროსი იყო. წლების წინ კი ტელევიზიაში მუშაობდა. თინათინ რუხაძის სრული სივი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე წაიკითხოთ:
“პირველ რიგში, რეიტინგით ისაზღვრება ტელევიზია, არხი რეიტინგული უნდა იყოს და საზოგადოების მოთხოვნას ერთი ნაბიჯით წინ უნდა უსწრებდეს. ამ წუთას “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს”.
რუხაძე არხზე ადამიანური რესურსების გადახალისებას გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მეორე არხის გამოყენებაც, რადგან თავის დროზე ეს არხი ახალგაზრდების ექსპერიმენტებს ეთმობოდა. რუხაძე ამ მიმართულებითაც ფიქრობს ხელმძღვანელად დანიშვნის შემთხვევაში გააქტიურებას:
“პირველი მოცემულობა ადამიანური რესურსების გადახალისებაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ცდილობდა კვალიფიციურად ეკეთებინა თავისი საქმე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არხის გარე ძალები არ გამოიყენო და არ შეუქმნა ის პირობები, რომ მოიტანონ ახალი პროდუქტები და გააკეთონ. ეს ძალიან ზოგადია, რასაც ვამბობ, მე მესმის, ნაფიქრი მქონდა და მაქვს კონკრეტულ პერსონებზე, მაგრამ ჯერ ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ.”
სრული ინტერვიუ თიკა რუხაძესთან შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე:
მეგი თავდუმაძე ფიქრობს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აპოლიტიკური უნდა იყოს, რასაც ასე ხსნის:
“აპოლიტიკური, ანუ ის უნდა წარმოადგენდეს არა პოლიტიკური პარტიის ინტერესესს, არამედ უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მოთხოვნას.”
“ნეტგაზეთი” თავდუმაძეს ბორდთან გასაუბრების შემდეგ ესაუბრა. თავდუმაძე აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია მიმდინარე პროცესით:
“ძალიან კმაყოფლი ვარ გასაუბრებით, აღფრთოვანებული ვარ დემოკრატიული პროცესით, რაც კანდიდატების შერჩევის ირგვლის არის და იყო და გრძელდება.”
თავდუმაძე ჯერჯერობით არ გაცნობია მაუწყებლისთვის ბორდის მიერ დადგენილ 2013 წლის პრიორიტეტებს, ნეტგაზეთთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ არხის ფინანსურ კრიზისში სათანადოდ არ არის ჩახედული.
“ამ პრიორიტეტებს მე არ გავცნობივარ, ძალიან ბევრი საკითხია, რისი დროც არ მქონია, მაგრამ თავისთავად იქნება ეს მთავარი ნაბიჯი, რომ გავეცნო ამ პრიორიტეტებს. იქნება თუ არ იქნება მისაღები, ეს უკვე მომდევნო ნაბიჯია. მე ვემხრობი მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება ხელმძღვანელს და არ იქნება ერთპიროვნული მმართველობა”,-აცხადებს თავდუმაძე.
მისი პრიორიტეტები კვლევის დაწყებით იწყება, რომლის საშუალებითაც გაარკვევს, თუ რა სურს საზოგადოებას, თავდუმაძე ასევე გეგმავს ყველა სოციალური ჯგუფის და უმცირესობის ჩართვას არხის პრიორიტეტებში.
მეგი თავდუმაძე გაეროს განვითარების პროგრამაში პროექტის მენეჯერად მუშაობდა. მისი სრული სივი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე, ხოლო მასთან ინტერვიუ ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
