“მამაჩემი მუშაობდა ხაშურის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილედ, სამეურნეო დარგში (ხელფასი 180 ლარი). ხაშურის მაჟორიტარმა, ვალერი გელაშვილმა, დაიბარა სპორტსკოლის დირექტორი, მოითხოვა თანამშრომლების სია, აიღო “რუჩკა” და 8 კაცი გადახაზა. მერე 2 შეიწყალა და საბოლოოდ 6 კაცი გაათავისუფლა სამსახურიდან. 1 თვეში ყველას ჩააბარეთ ბრძანებები გათავისუფლების შესახებო”, – ეს ინფორმაცია გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ვალერი გელაშვილი ადასტურებს, რომ სწორედ მან გასცა მითითება სპორტსკოლის თანამშრომლების დათხოვნის შესახებ:
“მე დავიბარე თვითონ სამსახურის უფროსი და ვუთხარი, ზედმეტი ხალხი გაუშვით სამსახურიდან, ტყუილად ხელფასებს რომ იღებენ-მეთქი. მეტი არაფერი მითქვამს. ეს თანამდებობები შექმნილი იყო ამ ხალხისთვის, რომ შემოსავლები მიეღოთ. ამიტომ მე ვუთხარი, ზედმეტი ხალხი უნდა წავიდეს სამსახურიდან. პოლიტიკური ნიშნით არავინ არ წასულა, ზედმეტი ვინც არის, წავიდეს-მეთქი. არ შეიძლება, რომ ბიუჯეტს აკიდებული ჰქონდეს ამდენი ხალხი. ხაშურში ყველა სამსახურში წინა ხელისუფლებას ჰყავდა ზედმეტი ხალხი, საშუალოდ ხაშურში თვეში 50 000 ლარი ხელფასების სახით გადის, რომელიც არ უნდა გადიოდეს…
გოგა ხაჩიძის მამას რა კავშირი აქვს სპორტთან, რომ გაფორმებული ყოფილიყო და ხელფასი მიეღო იქ? სპორტსკოლაში რა დირექტორის მოადგილე უნდა იყოს, მოადგილეებით უნდა გაივსოს სპორტსკოლა? იქ მწვრთნელები არიან და სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებს ავარჯიშებენ. არის ადმინისტრაციაში ათი კაცი და მწვრთნელი ათი კაცი და ეგ არის თანაფარდობა?” – აცხადებს ვალერი გელაშვილი.
როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ეკა ფოფხაძე განმარტავს, დეპუტატს არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის თანამშრომლების დანიშვნის ან გათავისუფლების, ასევე, მათი საქმიანობის შეფასების საქმეში და თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ეს აშკარა უკანონობაა:
“მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ფინანსდება სკოლა და საჯაროა თუ კერძო, თუკი მაჟორიტარმა დეპუტატმა მისცა მითითება სკოლის დირექტორს თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით, ეს არის აშკარა უკანონო მითითება იმიტომ, რომ დეპუტატის, ამ შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატის, კომპეტენცია არ არის სკოლის პედაგოგის დანიშვნა თუ გათავისუფლება, ეს ცალსახად არის სკოლის დირექტორის გადასაწყვეტი და სკოლის დირექტორი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის დეპუტატის მიმართ”, – აცხადებს ეკა ფოფხაძე.
როგორც ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როსტომ გრიგალაშვილი აცხადებს, ხაშურის სპორტსკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია სკოლიდან თანამშრომლების დათხოვნასთან და ამ საკითხში მაჟორიტარი დეპუტატის მონაწილეობასთან დაკავშირებით.