ახალი ამბები

კომერციული ბანკების დაგვიანებული მხარდაჭერა ‘ქართუს’

21 დეკემბერი, 2012 •
კომერციული ბანკების დაგვიანებული მხარდაჭერა ‘ქართუს’

საკანონომდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში მიიღო, ბანკებმა 2012 წლის დეკემბერში გააპროტესტეს.

 

კომერციული ბანკების საერთო განცხადებას ხელს აწერენ: “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “პროკრედიტ ბანკი”, “ლიბერთი ბანკი”, ბანკი “რესპუბლიკა” “ვი თი ბი ბანკი ჯორჯია”, “კორ-სტანდარტ ბანკი”, “პრივატ ბანკი”, “ბაზისბანკი”, ბანკი “კონსტანტა”, “ინვესტ ბანკი” და კავკასიის განვითარების ბანკი.

 

კითხვაზე, თუ რატომ გააპროტესტეს ბანკებმა ახლა ერთი წლის წინ მომხდარი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2012 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ძველი რედაქციით აღადგინა? – კომერციული ბანკების ხელმძღვანელები კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ამ საკითხზე კითხვით „ნეტგაზეთმა“  „საქართველოს ბანკს“, „ლიბერთი ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ მიმართა.  

 

საუბარია “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 50–ე მუხლსა და “საგადასახადო კოდექსის” 239–ე მუხლის მე–6 ნაწილში 2011 წლის ოქტმბერში  შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად კომერციულმა ბანკებმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს.

 

“მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, “ბანკ ქართუს”. ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას. გვსურს განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას, მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი”, – ნათქვამია კომერციული ბანკების ერთობლივ განცხადებაში.

 

2012 წლის აპრილში ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგათ.

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 239–ე მუხლის მე–6 ნაწილი ასე ჩამოყალიბდა: „ თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/ იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რესგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება.“

 

ბიძინა ივანიშვილმა  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თბილისი მერიოტში“  ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე  განაცხადა, რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებულია  და  თავის დროზე  „ქართუს“ საკითხზე საბანკო ასოციაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე არც ერთი ბანკირი არ მივიდა.

 

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ბანკებმა ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს.

 

დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.

 

თუმცა „ნეტგაზეთთან“ გაკეთებულ კომენტარში მან რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ  2011 წლის ოქტომბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ  „ქართუ ბანკზე“ აისახა:

 

„გეთანხმებით, ეს კანონი სხვა ბანკებზე არ აისახა. ბანკებს ჩამოერთვათ პირველადი იპოთეკარის უფლება და ეს მხოლოდ „ქართუს“ წინააღმდეგ გამოიყენეს. საბანკო სექტორს რა უნდა ექნა? პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, შემოსავლების სამსახურმა კი ეს ფული ამოიღო. ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება. ვინც ხმას ამოიღებდა, იგივე დაემართებოდა. ბანკირებს აბარიათ სხვსი ფული, „ქართუ ბანკი” თავის ფულს მართავდა. იმიტომ წავიდა რისკზე. მაგალითად, „თიბისი ბანკს” ვინ აპატიებდა პოლიტიკურ განცხადებებს – საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  თუ მსოფლიო ბანკი? ჯიპი მორგანი აპატიებდა, რომ მისი ფულით რისკი გაეწია? საბანკო სექტორი სენსიტიურია. არის საშიში ზღვარი, როცა პოლიტიკა ღრმად იჭრება ამ ბიზნესში.“  

 

საქართველოს საბანკო ბაზარზე 19 კომერციული ბანკი საქმინობს. ბანკისათვის პირველი იპოთეკარის ფუნქციის უფლების დაკარგვა მხოლოდ ამ „ქართუ ბანკმა“ და „პროგრეს ბანკმა“ გააპროტესტა, თუმცა გაკოტრების რისკის ქვეშ ცხრამეტივე ბანკი დგებოდა.

 

კანონის ამოქმედების შედეგად საბანკო სექტორში მხოლოდ „ქართუ ბანკი“ დაზარალდა. „ქართუ ბანკის“ კრედიტორების ქონება, რომელთაც დავალიანება, ბანკის გარდა, საგადასახადო ორგანოების წინაშე ჰქონდათ, აუქციონზე გაიყიდა, რამაც ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელი გაიზარდა.

 

2011 წლის დეკემბერში თბილისის სააღსრულებლო ბიურომ თითქმის ერთდროულად „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა. აუქციონზე გაიყიდა „ქართუს“ კრედიტორების– ირაკლი კოდუას დედის ლაურა ღაჭავას კუთვნილი „პირიმზის“ შენობა, ბიზნესმენის და პარლამენტარის სერგი კაკალაშვილის კუთვნილი „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“, “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ ჯორჯიას” კუთვნილი „ბესიკის ბიზნეს ცენტრი“.

 

ამ ბიზნესჯგუფების ქონებას აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა და ნატურით სახელმწიფოს გადაეცა.

 

ამ პროცესების შემდეგ „ქართუს“ არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2012 წლის იანვარში 66,7 მილიონი ლარი შედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი