ახალი ამბები

საქართველო, როგორც სამეცნიერო ჰაბი 2020 წლიდან – განათლების მინისტრის გეგმები

3 აპრილი, 2017 • 2311
საქართველო, როგორც სამეცნიერო ჰაბი 2020 წლიდან – განათლების მინისტრის გეგმები

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, 3 აპრილს, განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

ელჩებთან შეხვედრისას მინისტრის პრეზენტაცია ძირითადად ეხებოდა საქართველოში სწავლით მეტი უცხოელი სტუდენტის დაინტერესებას, ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას, საქართველოში სამუშაოდ მეტი უცხოელი მეცნიერის მოზიდვას და 2020 წლიდან საქართველოს “სამეცნიერო ჰაბად” გადაქცევას.

“სკოლის მოსწავლეებს რეპეტიტორი აღარ დასჭირდებათ”

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სასკოლო განათლების მიმართულებით სამინისტროს ძირთადი აქცენტია, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის უფრო თანამედროვე და საინტერესო გახდეს.

“თავისუფალი გაკვეთილების ინიციატივა, თამაშების, ტექნოლოგიების ხელშეწყობა, ახალი სახელმძღვანელოები, პედაგოგების გადამზადება, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სკოლა იყოს თანამედროვე, უფრო საინტერესი და უფრო შეესაბამებოდეს ბავშვების საჭიროებას და რეპეტიტორის დახმარების გარეშე უნდა შეეძლოთ ჩვენს მოსწავლეებს შემდგომი კარიერული განვითარების მიღწევა,”- ამბობს ჯეჯელავა.

სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შუა კლასებში სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ასევე უნდა შემცირდეს სახელმძღვანელოების მოცულობაც.

“სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკევთილების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, სახელმძღვანელოების მოცულობა უნდა შემცირდეს, ან უნდა გაიყოს მოცულობით სახელმძღვანელოები. ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეების ჩანთები უნდა შემცირდეს,”- განაცხადა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი სახელმძღვანელოები 1-6 კლასის ჩათვლით იქნება არა მომავალი, არამედ 2018-2019 სასწავლო წლიდან. თუმცა, 2017-2018 სასწავლო წელს უკვე აპირებენ, რომ “ჩანთების შემსუბუქების” მიზნით მოსწავლეებისთვის ყველა სახელმძღვანელოს ყოველდღე ტარება სავალდებულო არ იყოს.

“პროფესიული განათლების პოპულარიზაცია გასაზრდელია”

მინისტრის გეგმის თანახმად, უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია:

“შარშან 10 000-მა სტუდენტმა აირჩია პროფესიული განათლება, წელს იმედი გვაქვს, რომ ავალთ 12-15 ათასზე და ყოველწლიურად ვფიქრობთ, რომ პროფესიული განათლების პოპულარობა გაიზრდება. ახლა მიმდინარეობს საბუთების შეტანა  და ძალიან დიდი მოთხოვნაა პროფესიულ განათლებაზე. სრულიად უფასოა, 150-მდე სპეციალობაა, დასაქმების ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მოკლედ, ყველას მოვუწოდებ,”- ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

პრეზენტაციაში, რომელიც მინისტრმა ელჩებს წარუდგინა, ნათქვამია, რომ უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდმობა და დაფინანსება.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროს გეგმის თანახამდ, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოში ქართველებმაც და უცხოელებმაც მიიღონ უმაღლესი განათლების საუკეთესო კლასის დიპლომი, ანუ აკრედიტაციაც იყოს საერთაშორისო კლასის, პროფესორებიც, პროგრამებიც იყოს საერთაშორისო კლასის და უცხოელ სტუდენტებსაც ვეპატიჟებით. დღეს  10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება მომავალში,”- ამბობს ალექსანდრე ჯეჯლავა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს უნივერსიტეტებში არის 20-მდე პროგრამა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს გასცემს.

“რაოდენობა არის გასაზრდელი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირია უცხო ენაზე სწავლება, საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ საერთაშორისო აკრედიტატორებს და, შესაბამისად, ჩვენი ხელშეწყობის გარეშე გაუჭირდებათ უნივერსიტეტებს ამის გაკეთება. თუმცა, წელიწადში დაახლოებით 500-მდე საერთაშორისო დიპლომი ახლაც გაიცემა და მომავალში გვინდა, ეს რაოდენობა გახუთმაგდეს და გაათმაგდეს,”- ამბობს ალექსადრე ჯეჯელავა.

“მეცნიერებაში დაფინანსების მოზიდვა ჩვენი პრიორიტეტია”

მინისტრმა ელჩებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი სამეცნიერო კერა უნდა შეიქმნას. მან ახსენა თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობებიც. მისივე თქმით, 2019 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება.

“საერთაშორისიო დაფინანსების მოზიდვა არის ჩვენითვის პრიორიტეტი და ახალგაზრდა მეცნიერების დაყოლიება მეცნიერებაში სამუშაოდ,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრის მიერ ელჩებისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში არის ნათქვამი, სამინისტროს გრძელვადიან გეგმებშია უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს “რეგიონულ ჰაბად” გადაქცევა, რაც 2020 წლიდან უნდა მოხდეს.  ასევე, 2020 წლისთვის უნდა დაიწყოს “სამეცნერო ჰაბის” პროექტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი