ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის კუთხით მოწინავე და ჩამორჩენილი პარტიები

3 აპრილი, 2017 • 3684
გენდერული თანასწორობის კუთხით მოწინავე და ჩამორჩენილი პარტიები

გენდერული თანასწორობის კუთხით ყველაზე მოწინავე პარტია “რესპუბლიკური პარტიაა”, ხოლო ყველაზე ჩამორჩენილი- “ქართული ოცნება”. ამ დასკვნას გამოიტანთ კვლევის- “გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში” – გაცნობის შემდეგ.

კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ჩაატარა და მიმოიხილა 2015-2016 წლების მდგომარეობა. კვლევის ავტორები ხატია გოგილაშვილი და ბაკურ კვაშილავა არიან. კვლევის შედეგის პრეზენტაცია დღეს, 3 აპრილს გაიმართა.

კვლევის პროცესში დაითვალეს სამი კომპონენტი:

[checklist]

  • შიდაპარტიული კომპონენტი – რამდენად ჩართული არიან ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე პოლიტიკურ პარტიებში, რამდენად არსებობს პროგრამები და შიდაპარტიული დაფინანსება
  • საარჩევნო კომპონენტი – რამდენი კანდიდატი წამოაყენა პარტიამ არჩევნებზე და რამდენი კანდიდატის გაყვანა შეძლო.
  • პოლიტიკური კომპონენტი – ჰქონდა თუ არა და რამდენი წინასაარჩევნო ან საკანონმდებლო ინიციატივები ქალისა და კაცის გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით

[/checklist]

ორგანიზაციის “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი კვლევის ჩატარებას, რათა პარტიებს შორის გენდერული თანასწორობის კუთხით კონკურენცია გაძლიერდეს.

“ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი სიტყვები უნდა აქციონ საქმედ. ყველა პარტია კონფერენციებზე, შეხვედრებზე, გამოსვლებში მხარს უჭერს მეტი ქალის მონაწილეობას პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ აისახება მათ რეალურ ნაბიჯებში, შიდა პოლიტიკურ და ზოგად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალების პოლიტიკური აქტიურობა და ქალებთან დაკავშირებული პრობლემები პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხებია.

სამნიძის თქმით, ერთ-ერთი პირველი პარტია იყო, რომელმაც შიდაპარტიული კვოტირება მიიღო, კვოტირება შეეხო საარჩევნო სიებს რეგიონული და საპარლამენტო არჩევნების დონეზე. სამნიძის თქმით, არაერთი ინიციატივა ჰქონდათ ქალების თემატიკასთან დაკავშირებით.

სამნიძე ამბობს, რომ პარტიას აქვს ქალთა ქსელი, რომელიც პარტიის წევრი ქალებისგან შედგება, ისინი ადგილობრივ დონეზე მუშაობენ ქალთა პრობლემების გასაცნობად. 2017 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტია სწორედ ამ რესურსის გამოყენებას აპირებს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სპეციალური პროგრამის შესამუშავებლად.

პოლიტიკაshe

კვოტირების გარდა, პარტია იმაზეც მუშაობს, რომ ქალებს მისცეს ის უნარ-ჩვევები, რაც პოლიტიკური აქტივობისთვისაა საჭირო.

“ჩვენი გენდერული როლები, რომელსაც გვანიჭებს საზოგადოება, ქალებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ ამ მიმართულებით, რომ იაქტიურონ, ვიდრე კაცებს. მათთან მეტი შეხვედრაა საჭირო, მეტი მოტივირება, ამ ქალების მეტი ჩვენება, რომ ამ მონიჭებული გენდერული როლებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა გვჭირდება, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

“ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, ქალები უფრო კარგად არიან წარმოდგენილი პარლამენტში, ძალიან შორს არიან სასურველი შედეგისგან.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, რაც პარტიას იმის საშუალებას მისცემს, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს.

“პარტიებმა, იმ პარტიის სახელით ვილაპარაკებ, რომელსაც წარმოვადგენ, უფრო მეტად უნდა გაიაზროს ქალების წარმომადგენლობის ან თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საარჩევნო პროგრამები მეორე ადგილზე ინაცვლებს ისევე, როგორც არჩევნების პერიოდში პარტიის მიერ შერჩეული პიროვნება. ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ქალთა დაბალ წარმომადგენლობაზე მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ოპოზიციური პარტიების შეზღუდული ფინანსური რესურსები, მათი შეზღუდული ბაზისი ხელს უშლის პარტიების გამჭვირვალობასა და შიდაპარტიულ დემოკრატიას. ის, რომ პარტიებს არ გააჩნიათ გენდერული თანასწორობის კუთხით გამოყოფილი ბიუჯეტი, ამის დასტურია.

“მოცემული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთადერთი, ვისაც გენდერული თანასწორობის კუთხით დადებითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია პარტიებზე, საერთაშორისო საზოგადოებაა. პარტიების ყველა წარმომადგენელთან ინტერვიუ ერთსა და იმავე ამბავს ყვება – ყველა ის მიღწევა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით უკვე არსებობს საქართველოს პოლიტიკაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგია”, – წერია კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი