ახალი ამბებისაზოგადოება

სექსუალური შევიწროება – მსხვერპლისადმი სოლიდარობის დეფიციტი საზოგადოებაში

31 მარტი, 2017 • 4785
სექსუალური შევიწროება – მსხვერპლისადმი სოლიდარობის დეფიციტი საზოგადოებაში

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ სექსუალური შევიწროება აღარ იყოს მხოლოდ “ქალის სირცხვილი” და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამოქალაქო საზოგადოება პრობლემასთან ბრძოლის პროცესში? – ამ საკითხის შესახებ დღეს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით საჯარო დისკუსიაზე ისაუბრეს.

საქართველოში სექსუალური შევიწროების შემთხვების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. ომბუდსმენის აპარატშიც კი, როგორც თავად აცხადებენ, სულ რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე დაფიქსირდა ინფორმაცია. აპარატში, ასევე საქართველოს პარლამენტის გენდერულ საკითხთა საბჭოსა და არასამთავრობო სექტორშიც, ამას მხოლოდ ერთ ახსნას უძებნიან – საზოგადოებამ არ იცის, რა არის სექსუალური შევიწროება და არც ის იცის, ვის უნდა მიმართოს საჭიროების შემთხვევაში.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების შესახებ “ქალთა საინფორმაციო ცენტრმა” 2014 წელს ჩაატარა. გამოკითხულთა 45% აცხადებდა, რომ ისინი იყვნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თუმცა როგორც ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ წერეთელი აცხადებს, ანკეტების გადაკითხვის დროს გამოჩნდა, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, უბრალოდ მათ არ იცოდნენ, ან არ მიიჩნევდნენ ამას შევიწროებად.

ომბუდსმენის თქმით, 2014 წელს სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე კვლევა მოამზადა ასევე სოციალური მეცნიერების ცენტრმა. კვლევაში პირდაპირ დასმულ შეკითხვას, გამხდარა თუ არა ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სამსახურში, პირდაპირ დადებითად მხოლოდ 3% პასუხობდა, მაგრამ როდესაც კითხვის ფორმულირება იცვლებოდა, თუმცა შინაარსი იგივე რჩებოდა, მაჩვენებელი 38%-მდე იზრდებოდა.

რა არის სექსუალური შევიწროება?

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც გამოწვეულია მისი გენდერული იდენტობით/სექსუალური ორიენტაციით და მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას. ქმედება შეიძლება იყოს:

  • დასტვენა ან დასიგნალება
  • სექსუალური ხასიათების ფრაზების მიძახება
  • სახელის ან საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარკვევით თქვა უარი
  • სექსისტური კომენტარები
  • შემფასებლური კომენტარები
  • ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები
  • ვულგარული ჟესტები
  • გენიტალიების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში
  • არასასურველი შეხება
  • სექსუალური ძალადობა
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია მსხვერპლის შეწუხება, შეშინება, დამცირება, შეურაცხყოფა და კავშირშია მის სექსუალობასთან.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მისი მოადგილე ეკა მსხდილაძე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი 31.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მისი მოადგილე ეკა მსხდილაძე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი 31.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოში სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის არის მტკიცების ტვირთის სირთულე, სოლიდარობის განცდის ნაკლებობა და საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა.

“მტკიცების ტვირთი არის ძალიან რთული და მძიმე. სოლიდარობის განცდა არ არსებობს და ხშირად მსხვერპლი განიკიცხება კოლეგებისა და საზოგადოების მხრიდან. პრობლემას ქმნის ისიც, რომ კანონმდებლობაში არ გვხვდება მექანიზმები, რომ საჯარო სივრცეში თუ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა მოხდეს.” – აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე ეკა მსხილაძე.

სექსუალური შევიწროება გენდერულად ნეიტრალური ტერმინია, თუმცა მისი მსხვერპლი ძირითადად ქალები ხდებიან. უფლებდამცველების თქმით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლთან დაკავშირებით ამ შემთხვევაშიც იჩენს თავს.

“როგორც ძალადობის შემთხვევებში ხდება ხოლმე ქალის დადანაშაულება და იმის გამოძიება ქალი ხომ არ იქცეოდა გამომწვევად, ან მან ხომ არ განაპირობა ძალადობა, ამ შემთხვევაშიც ეს ძალიან აქტუალური საკითხია,” – ამბობს მსხილაძე.

უმეტეს შემთხევაში სექსუალურ შევიწროებად არ აღიქვამენ ფაქტებს თავად თვითმხილველებიც, რომლებმაც ასევე არც ის იციან რა ფორმით შეიძლება დაეხმარონ მსხვერპლს.

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაიას თქმით, კანონმდებლობის დასახვეწად, მნიშვნელოვანია ცვლილება ერთდროულად შრომისა და ადმინსიტრაციულ კოდექსში შევიდეს. ასევე განიმარტოს ტერმინი “შევიწროება” ანტიდისკრიმინაციულ კანონში.

“ტექმინი “სექსუალური შევიწროება” საქართველოს კანონმდელობაში არსად არ არის განმარტებული. პირველ რიგში, უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი ჩარჩო. სამი ცვლილება არის განსახორციელებელი: შრომის კოდექსში უნდა გაჩნდეს სექსუალური შევიწროების შესახებ განმარტება და ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება უკვე არსებობს. ასევე საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება უნდა გახდეს ადმინისტრაციული კოდექსით სამართალდარღვევა. პატრულის გამოძახება უნდა იყოს შესაძლებელი,” – აცხადებს პატარაია.

მისი თქმით, “საფარმა” მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, კონკრეტული მუხლი, რომელიც ეხება სექსუალურ შევიწროებას საჯარო სივრცეში.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საბჭოში გენდერული პოლიტიკის გაჯანსაღების მიზნით ერთწლიანი სამუშაო გეგმა შექმნილია. ასევე ჩატარდება კვლევა, რომელსაც დაეფუძნება მათი საქმიანობა სამომავლოდ.

“სამწუხაროდ, წარმოდგენილი დოკუმენტთა პაკეტი ამ ეტაპზე არ შეიცავს სექსუალური შევიწროების საკითხს, თუმცა ჯერ ყველაფერი არის საკანონმდებლო პროექტი, არ აქვს საბოლოო სახე და შესაბამისად, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხიც აისახება და გააქტიურდება საქმიანობა,” – აცხადებს წერეთელი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე საკითხის იდენტიფიცირება მოხდეს და გაიზარდოს საზოგადოებაში ცნობიერება.

გასულ წელს, 23 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 22 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდებოდა.

სახალხო დამცველის ვებზე განთავსდა შექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული სასწავლო კურსი. აპარატში აცხადებენ, რომ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ საჯარო დაწებულებებმა დანერგონ შიდაუწყებრივი მექანიზმები მონიტორინგისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი