ახალი ამბები

სასამართლო საკრებულოს მიერ ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემაზე სარჩელს განიხილავს

30 მარტი, 2017 • 1792
სასამართლო საკრებულოს მიერ ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემაზე სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოკიდებელი დეპუტატების გაერთიანებული სარჩელი თბილისის საკრებულოს მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. პირველი სხდომა სასამართლოში 15 მაისს ჩაინიშნა.

ფრაქცია რესპუბლიკელები, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ფრაქცია დედაქალაქი, ეროვნული ფორუმი და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოითხოვენ გაუქმდეს თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები ქონების გადაცემაზე. ასევე სარჩელის თანახმად, მხარე მოითხოვს საკრებულომ თავიდან განიხილოს საკითხი.

“სარჩელში გვაქვს სამი მოთხოვნა. პირველი, რომ გაუქმდეს მერიის 23 დეკემბრის განკარგულება, რომელიც შემდეგ უკვე საკრებულომ დაამტკიცა. ჩვენ თბერვალში საკრებულოში დავაყენეთ საკითხი, რომ გაუქმებულიყო ეს განკარგულება თავად საკრებულოს სხომაზე და ეს არ დააკმაყოფილა საკრებულომ, უფრო სწორად არც კი მიგვიღია განმარტება. ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასაც ვითხოვთ, რაგდან საკრებულოში სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია განხილვის და დამტკიცების დროს. თავიდან ვითხოვთ საქმის არსებითად განხილვას,” – აცხდებს საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

სამნიძის თქმით, სასამართლომ საქმეში მესამე პირად ზვიად ნაზღაიძე და საქართველოს ბანკი ჩართო. დეპუტატის თქმით, ბანკსა და ნაზღაიძეს შორის არსებობდა გარიგება, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს:

“სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩართო თავად ნაზღაიძე და საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკს არ ჰქონია ამ ხნის მანძილზე ჩვენთან კომუნიკაცია, თუ რა ტიპის გარიგება იყო მას და ნაზღაიძეს შორის, როდესაც მან გაუფორმა ნაზღაიძეს საკუთრებაში ქონება ისე, რომ ჯერ თანხა არ ჰქონდა მიღებული და ერთი თვე ჰქონდა უპირი პირობა, რომ ნაზღაიძე გადაიხდიდა მთელ ამ თანხას. ისე რომ ჯერც არც მერიას ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და არც საკრებულოს. ამიტომ მესამე პირებად მათი ჩართვა მნიშვნელოვანია.”


ზვიად ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაა. ნატა ნაზღაიძე კი იმ კოლეგიის წევრი მოსამართლეა, რომელმაც განიხილა “რუსთავი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის საქმე და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო დადგენილება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას დაკავშირებით, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს. ფართობი მას ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეცა, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

24 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც ნაზღაიძეს ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა.

ამ საკითხზე დავით ნარმანიას დეპუტატები ქალაქის საკრებულოშიც სთხოვდნენ მისვლას, თუმცა მერმა ამაზე უარი განაცხადა.

საია კი პროკურატურას მოუწოდებს, ამ საქმით დაინტერესდეს, ვინაიდან, შესაძლოა, ეს ფაქტი საჯარო მოხელეების მხრიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი