ინციდენტის მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, პოლიციის აქტიურობას დღევანდელი შემთხვევის განეიტრალება შეეძლო:
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. როდესაც პრეზიდენტის დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გააკეთა ზარი იმერეთის სამხარეო პოლიციის მიმართულებით, რომ ისინი ჩართულიყვნენ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, მიიღეს პასუხი, რომ პოლიცია პრეზიდენტის დაცვის ღონისძიებებში არ ერთვება. ჩემთვის ეს იყო მაშოკირებელი.”
მისივე თქმით, მას ადგილზე პოლიცია არ შეუნიშნავს:
“მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო დაცვის ფორმიან თანამშრომლებს ვხედავდი. მერე, როგორც მითხრეს, იყო რამდენიმე პოლიციელი, რომელიც პასიურად იყო ჩართული ამ სიტუაციებში. ჩემდა სამწუხაროდ, არ შემიძლია არც ამ ინფორმაციის დადასტურება, არც ამ ინფორმაციის უარყოფა.”
პოლიციის პასიურობაზე საუბრობს საპარლამეტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გია ბარამიძე:
“ჩვენი პარტიის ოფისი, სადაც იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა, მოხდა თავდასხმა, იყო შემოჭრის მცდელობა. პოლიცია არ ერეოდა და გვერდზე იდგა, რაც აშკარაა, როგორც მინიმუმ დანაშაულებრივი გულგრილობა არის.”
უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, კაკო ბობოხიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დაცვის ძლისხმევა რომ არა, აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრებოდნენ:
“რომ არა პრეზიდენტის დაცვის ძალისხმევა, ისინი შემოიჭრებოდნენ შენობაში.”
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.
შს სამინისტროს პრესამსახურის ნინო გიორგობიანის განცხადებით, პოლიცია ადგილზე წესრიგს იცავდა და პოლიციის კორდონის დახმარებით მოხდა დეპუტატების და პრეზიდენტის შენობაში შესვლაც და გამოსვლაც.
“ნეტგაზეთის” მიერ დასახელებულ მაგალითებზე, რომ აქციის მონაწილეები, პოლიციის იქ ყოფნის მიუხედავად, შეურაცხყოფას აყენებდნენ დეპუტატებს და ქვები დაუშინეს პრეზიდენტის ესკორტს, პრესსამსახურის უფროსმა მოკლედ უპასუხა:
“პოლიცია, როგორც ევალებოდა, კანონის ფარგლებში მოქმედებდა და იცავდა უსაფრთხოებას”.