ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე ისაუბრეს

29 მარტი, 2017 • 2307
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე ისაუბრეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა, სადაც ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს განცხადებით, გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.  ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა არსებითი დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა, რაც შეფასებულ იქნა, როგორც რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. განხილულ იქნა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას,” – ვკითულობთ სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ  ინტენსიურად განიხილეს ძალის არგამოყენების საკითხი.

სამინსიტროს ცნობით, მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

“განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს. ხაზი გაესვა პრაგმატული გზების გამონახვის აუცილებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის.  მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით, ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში.”

განცხადების თანახმად, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.

“ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.  მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეკოლოგიურ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევა და ისაუბრეს შემდგომი ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე.  აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა.”

სამინსიტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის აუცილებლობას.

‘ამ თემაზე საუბრისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება.”

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი