ახალი ამბები

13 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც საქართველო 2017 წელს უმასპინძლებს

29 მარტი, 2017 • 3995
13 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც საქართველო 2017 წელს უმასპინძლებს

2017 წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. სპორტის სამინისტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში.

Check in Georgia-ს ბრენდის ქვეშ ერთიანდება საქართველოში 2017 წელს დაგეგმილი 13 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება:

1. ძიუდოს გრან პრი | თბილისი, 31 მარტი – 2 აპრილი;
2. საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში | რუსთავი, 1-2 აპრილი;
3. დევისის თასის მატჩი, საქართველო – ლიტვა | თბილისი, 7-9 აპრილი;

4. ევროპის ჩემპიონატი სუმოში | თბილისი, 22-23 აპრილი;
5. მსოფლიო რბენა – Wings For Life | კახეთი, 7 მაისი;
6. ევროპის ჩემპიონატი უშუში | თბილისი, 11-21 მაისი;
7. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში | ბორჯომი, 22-28 მაისი;
8. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში | თბილისი-ქუთაისი, 31 მაისი 18 ივნისი;
9. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში | თბილისი, 11-17 ივნისი;
10. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში | თბილისი – გორი, 2-15 ივნისი;
11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში | თბილისში, 8-21 აგვისტო;
12. მსოფლიო თასი ჭადრაკში | თბილისი, 2-28 სექტემბერი;
13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში | თბილისი, 21-25 სექტემბერი.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს.

მისი თქმით, ყველა ეს ღონისძიება თუ ასპარეზობა იმ მიზანს ემსახურება, რასაც Check in Georgia: “მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, გაატაროს საუკეთესო დრო, მიიღოს პროფესიული გამოცდილება, დაისვენოს, მონიშნოს საკუთარი ყოფნა საქართველოში მსოფლიოს რუკაზე. წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველო 70-მდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორს ელის.”

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და სპორტსმენები.

 

საქართველოს მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტსმენები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტსმენები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. მისი თქმით, ის ხელს შეუწყობს საქართველოში საქმიანი, სპორტული და კულტურული ტურიზმის ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა, როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ტურისტული სეზონის გხანგრძლივებისა და ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით:

“საქართველო მსოფლიო ტურიზმის რუკაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტების სპორტული და კულტურული ღონისძიების ჩატარების ადგილი. საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების ჩატარება ორიენტირებულია როგორც პროფესიული სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე, ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდას.”

მათი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს დაუგროვდა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ძალიან დიდი გამოცდილება და აქედან გამომდინარე, საერთაშრისო სპორტულ კალენდარში ქვეყანა ეტაპობრივად იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი