ახალი ამბები

სამინისტროს განმარტება სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების ვადის გადაწევაზე

29 მარტი, 2017 • 1806
სამინისტროს განმარტება სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების ვადის გადაწევაზე

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადა 14 აპრილით განისაზღვრა, ამგვარად, უწყების ცნობით, ვადამ მხოლოდ ერთხელ გადაიწია:

“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადამ 14 მარტს გადაიწია მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით, და ნაცვლად  14 მარტისა, განისაზღვრა 14 აპრილით. ხოლო მთავრობისათვის კანდიდატურების წარდგენის ვადა, შესაბამისად, ნაცვლად პირველი აპრილისა, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. სწორედ 14 აპრილიდან პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს საბუთების გადარჩევა და გამოცდების ჩატარებაც”,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ვადის გადაწევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებითაა განპირობებული, რომლის თანახმადაც,  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე აირჩევს. შესაბამისად, „PACE“-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან კანდიდატურები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 31 აგვისტომდე უნდა წარედგინოს.

“ამდენად, ორჯერ ვადის გადაწევას  ადგილი არ ჰქონია.  27 მარტს გამოქვეყნდა დადგენილება, თუ რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობას ხუთი კანდიდატურა, რომელთაგან მთავრობა შეარჩევს სამს. ყველა სხვა განცხადება ვადის ორჯერ გახანგრძლივების შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს”,- ნათქვამია განცხდებაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი 2017 წლის იანვარში უნდა აერჩიათ, თუმცა კანდიდატთა სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

სპეციალური კომისია, შემდეგ კი მთავრობა, შემოსული აპლიკანტებიდან სამ კანდიდატს ამოარჩევს და ევროპის საბჭოს კომიტეტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე მიიღება. ვიდრე ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ნინა წოწორია აგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი