ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურები ჩავარდა

24 იანვარი, 2017 • 3204
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურები ჩავარდა

დღეს, 24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველომ კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია უნდა წარუდგინოს.

“კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება, ხელისუფლებამ პროცედურა ხელახლა გაიაროს და აპრილამდე წარმოდგენილი იყოს ახალი კანდიდატები. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პროცედურების თავიდან გავლა არის უკეთესი,” – განუცხადა მაუწყებელს ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანდიდატების ჩავარდნა სამარცხვინოა:

“ამის მიზეზი სიის ფორმირების პროცესში არსებული უზარმაზარი დარღვევები, სამარცხვინო დარღვევებია. სიის ჩაგდება ნებისმიერი ქვეყნისთვის არის უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრა. იმედია, რომ ამის შემდეგ მაინც ისწავლის საქართველოს მთავრობა ოდნავ უფრო ცივილიზებულად მოქცევას.”

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი