ახალი ამბები

რა საფრთხეს შეიცავს სასამართლოს განმარტება მოწმეთა დაკითხვის წესზე – ციანიდის საქმე

28 მარტი, 2017 • 2192
რა საფრთხეს შეიცავს სასამართლოს განმარტება მოწმეთა დაკითხვის წესზე – ციანიდის საქმე
2017 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის შესახებ.  საია მიიჩნევს, რომ სასამართლომ  მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონი არასწორად განმარტა და საშიში პრეცედენტი შექმნა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ  დაცვის მხარის შუამდგომლობაში უგულებელყოფილი იქნა არაერთი არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნები.

ამ მუხლის თანახმად, გამოძიების სტადიაზე, როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით, გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ: არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს;  იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;  არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;  ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში და თანდართულ მასალებში არც ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ იყო სახეზე, რის გამოც შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.

“ამ განჩინებაში ორი არგუმენტია. ერთი ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით დაცვის მხარეს დაკითხვის უფლება არ აქვს. ეს კანონის პრობლემაა,” – ამბობს ლევან ვეფხვაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა წინააღმდეგობაშია მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან:
“საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ძველი, კერძოდ, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად, რაც სასამართლოში მოწმის დაკითხვას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, მეტიც, ცალსახად ეწინააღმდეგება მას,” – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ლევან ვეფხვაძის თქმით, მოსამართლემ ეს ნორმა არასწორად განმარტა და საშიში პრეცედენტი შექმნა:
“ეს საშიში პრეცედენტია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლემ არასწორად განმარტა კანონი. პარლამენტის დამტკიცებული კანონის განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ დაკითხვის ძველი წესის 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედების მიზანი ის იყო, რომ გამოძიებას არ შექმნოდა პრობლემა. მიზანი ის არ ყოფილა, რომ დაცვის მხარე ჩაკეტონ და დაცვის უფლება არ მისცენ. მოსამართლის ეს განამრტება ძალიან საშიში პრეცედენტია და სხვა საქმეებზეც შეიძლება გაავრცელოს სასამართლომ, რაც ალოგიკური და არასწორი იქნება.”
______________________________________________________
გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 28 მარტს, 17:00 საათზე განიხილავს.  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 24 მარტს მიმართა. სასამართლო თუ დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას წინსასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, 72 საათში სასამართლო მოიწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა გიორგი მამალაძის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვება. დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ დროს დაცვის მხარე დააფიქსირებს პოზიციას გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი