ახალი ამბები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და ახალი ვალდებულება კომერციულ ბანკებს

28 მარტი, 2017 • 3306
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და ახალი ვალდებულება კომერციულ ბანკებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით მიმართა, რომლის მიზანი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებაა. პროექტის მიხედვით, კომერციული ბანკი ვალდებულია, ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი – 100 000 ლარის ოდენობით.

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის” შესახებ მომზადებული პაკეტი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. არეგულირებს საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, დანაზოგების წახალისება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და შიდა და გარე შოკების შემსუბუქება წარმოადგენს.

დეპოზიტების დაზღვევის ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს არაერთი უფლებამოსილება ენიჭება. მათ შორის, სააგენტო უფლებამოსილია მისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკებისგან დროულად და დეტალურად მიიღოს ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკების შესახებ ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული ინფორმაცია;  კომერციული ბანკის მიმართ გაკოტრების, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისაგან მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი და დროული ინფორმაცია;  ინსტრუქციის შესაბამისად, მოითხოვოს კომერციული ბანკებისაგან მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;  გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია უშუალოდ ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით და სხვა.

სააგენტოს მართვა

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, ხოლო მართვის მიზნით იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს წევრები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი დამოუკიდებელი წევრი. დამოუკიდებელი წევრები აირჩევა კომერციული ბანკების მიერ ფარული კენჭისყრით ხმათა უბრალო უმრავლესობით

სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით და თანამდებობიდან თავისუფლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  საბჭოს ერთი წლის ვადით და როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაბამისი თანმიმდევრობით. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე.

დეპოზიტების ფონდის დაფინანსება 

დეპოზიტების დაზღვევის ფონდი ფინანსდება  შემდეგი წყაროებით: პირველადი შენატანები; რეგულარული სადაზღვევო შენატანები; სპეციალური სადაზღვევო შენატანები; სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებული შემოსავალი; სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სხვა შემოსავლები.

ახალი ფინანსური ვალდებულებები კომერციულ ბანკებს

ცვლილებების მიხედვით, კომერციული ბანკი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები. კომერციული ბანკი ვალდებულია ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად. ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. ყოველი თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. კომერციული ბანკები რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით გადახდის დღისათვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ინსტრუქციის შესაბამისად.

ფორსმაჟორი

თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად, სააგენტოს უფლება აქვს, კომერციულ ბანკს ერთჯერადად დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.

თუ ფონდში არ შეგროვდა საკმარისი თანხა დეპოზიტების ასანაზღაურებლად, სააგენტო უფლებამოსილია მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით: ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან; ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან; ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან; განათავსოს ფასიანი ქაღალდები;  მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები.

გამჭვირვალობა

სააგენტო, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს.

სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, კვარტალური და წლიური ანგარიშები, სააგენტოს დებულება და ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში.

კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს მიაწოდონ კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. ასევე, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად.

სანქციები

კომერციული ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ:

არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტორებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. ფულადი სანქციის ოდენობა განისაზღვრება 1 000 ლარით;

სააგენტოს არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით. ფულადი სანქციის ოდენობა განისაზღვრება 10 000 ლარით;

არ გადაიხდის ამ კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადებში, პირველად, რეგულარულ ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. სანქციის ოდენობა განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0.06%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

კანონპროექტთა პაკეტს დღეს, 28 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი