ახალი ამბები

ვისთვის ან რისთვისაა საჭირო სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დედაქალაქში

27 მარტი, 2017 • 2810
ვისთვის ან რისთვისაა საჭირო სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დედაქალაქში

რა საჭიროა ელექტრონული მმართველობის პირობებში სამთავრობო ქალაქის აშენება? რა სარგებელს მოუტანს ქვეყანის ეკონომიკას ქალაქის ცენტრში არსებული სამინისტროების შენობების გამოთავისუფლება და პრივატიზაცია? რას შეცვლის დედაქალაქის ინფრასტრუქტურაში ახალი ქალაქის მშენებლობა? – ეს არის შეკითხვები, რაც ჩნდება პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ თბილისში სამთავრობო ქალაქი აშენდეს.

“სამთავრობო ქალაქის” პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამუშავებს, თუმცა ჩვენს შეკითხვებს – თუ რა ტერიტორიაზე აშენდება ეს უბანი და რამდენი სამინისტრო განთავსდება იქ, პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან სამინისტრო ჯერ მზად არაა, დეტალებზე ისაუბროს.

ოფიციალური ინფორმაცია, რაც  გვაქვს ამ ინიციატივის შესახებ, 23 მარტს პრემიერმინისტრის განცხადებიდან ვიცით, რომ აპირებენ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას ბიზნესსახლის მახლობლად, სადაც “თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა”.

პრემიერის რწმენით, ეს გაუიოლებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სამინისტროებთან ურთიერთობას და ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან მოქალაქეებს, ხოლო ქალაქის ცენტრში ბევრი საოფისე ფართი გათავისუფლდება.

[blue_box]სამთავრობო ქალაქის ეკონომიკური ეფექტი თუ ნაკლი[/blue_box]

ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ ზოგიერთი სამინისტრო ისეთ შენობაში მუშობს, რომლის მიმართ შესაძლოა კერძო სექტორს ან ქალაქს ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი და ამ შენობების საშუალებით საინტერესო პროდუქტი შექმნან. ამიტომ იგი მიესალმება, რომ მთავრობა ასეთი შენობების პრივატიზებას გეგმავს.

პაპავა ამბობს, რომ საინტერესოა, თუ საიდან აფინანსებს მთავრობა ამ უბნის მშენებლობას – ბიუჯეტიდან, თუ გრანტის სახით მიღებული დაფინანსებით?

“თუ ვინმე გჩუქნის ფულს და გეუბნება, თქვენ ოღონდაც ენერგოეფექტური შენობები ააშენეთ, სადაც მთვარობა იღვაწებს, მაშინ კარგი იდეაა და მსგავსი დაფინანსება და გრანტები უნდა გამოიყენოთ, მაგრამ თუ ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ უკვე უნდა ავწონოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – პრივატიზაციიდან მოზიდული თანხები დავხარჯოთ ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარებაზე, თუ მშენებლობაზე”, – ამბობს გიორგი პაპავა.

პრემიერის განცხადების კომენტირებისას, რომელიც ამბობს, რომ ამ ინიციატივით სამშენებლო ბიზნესი განვითარდება, პაპავამ განაცხადა, რომ მთავრობა არ უნდა ხარჯავდეს თანხებს ბიზნესის განვითარებისთვის.

42478

“როგორც არ შეიძლება სახელმწიფომ “კოკა-კოლის” გადასარჩენად დაიწყოს “კოკა-კოლის” შეძენა, ასევე არ შეიძლება მშენებლობის ბიზნესის გადასარჩენად, თუ ის წამგებიანია, ძალით ააშენებინო სახლები. დღეს საქართველოს ეკონომიკას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მთავრობა ახალ ქალაქებს აშენებდეს. ეს ფული ჰაერიდან ხომ არ მოდის? ეს ფული შეიძლება დაიხარჯოს სხვა რამეში, შემიძლია პრივატიზება გავაკეთო და ფული ჩავდო განათლებაში, ინფრასტრუქტურაში”, – ამბობს პაპავა.

საქართველოში უკვე არსებობს იმის მაგალითი, რომ მთავრობამ გაყიდა ეკონომიკის სამინისტრო 2015 წლის ივლისში 9 450 000 დოლარად. თუმცა შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, დღემდე არაფერი გაკეთებულა.

[yellow_box]მმართველობა ახალი ქალაქიდან თუ ელექტრონულად?[/yellow_box]

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” პროგრამების ხელმძღვანელის, ლევან ავალიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ელექტრონული დემოკრატიის განვითარებისკენ მიდის ქვეყანა, ყველა მომსახურება ჯერ ვერ გადავა ელექტრონულ ფორმატში და ერთი ფანჯრის პრინციპით  სამთავრობო უწყებების თავმოყრა კარგი იქნება.

ავალიშვილი ამბობს, რომ არის ისეთი მომსახურებები, რომლებიც ჯერ არაა გატანილი ელექტრონულ სივრცეში, მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს თუ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვები და ლიცენზიები. ავალიშვილის თქმით, ჯერ არაა ძალაში შესული ელექტრონული ხელმოწერების სისტემა.

“ჩვენ არ ვართ ჯერ დანია, სადაც 90% მომსახურებების არის ელექტრონული. არც ჩვენი საზოგადოება არის ინტერნეტით წვდომით განებივრებული, რომ ყველამ ისარგებლოს ელექტრონული მომსახურებით,” – ამბობს ავალიშვილი.

ელექტრონული მმართველობა

ელექტრონული მმართველობა

ავალიშვილის თქმით, ამის გარდა მოქალაქეებსაც არ აქვთ ნდობა ელექტრონული საქმის წარმოებისა და ელექტრონული მომსახურების მიმართ და ურჩევნიათ, ფიზიკურად მივიდნენ და ასე ჩაერთონ პროცესში.

მას მაგალითად მოჰყავს მოქალაქის ელექტრონული პლატფორმა my.gov.ge, რომელსაც წვდომის ძალიან დაბალი პროცენტი აქვს და იმდენი ადამიანი არ იყენებს მას, რამდენიც დარეგისტრირებულია ამ პლატფორმაზე.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ერთი უწყების პროექტი ვერ იმუშავებს, თუ ერთიანი გეგმის ფარგლებში არ გაგრძელდება მასზე მუშაობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ხუციშვილი ამბობს, რომ სამთავრობო ქალაქის აშენება საინტერესო ინიციატივაა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვლილი და დაგეგმილი.

ხუციშვილი ამბობს, რომ თუკი სამთავრობო ქალაქისთვის განკუთვნილი თანხებით  დაიწყებენ კადრების გადამზადებას, კომუნიკაციის სისტემის გაუმჯობესებას უწყებებს შორის, პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით შეიმუშავებენ ერთობლივ სტრატეგიას და ასევე ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებულ სტრატეგიებს განავითარებენ, უკეთესი იქნება.

[gray_box]დედაქალაქში სამთავრობო ქალაქის ურბანული მხარე[/gray_box]

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, 4-5 სამინისტროს გადატანა იგეგმება, სხვა სამინისტროები იქ არ დაეტევა.

ბოლქვაძე ამბობს, რომ შესაძლებელია “სამთავრობო ქალაქი” კარგიც იყოს მომარაგების, ლოჯისტიკის, კვების ბლოკის თვალსაზრისით. მისი თქმით, ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შემდეგ საპროექტო დოკუმენტის მომზადებისას წარადგინონ, რა პოზიციები უნდა იყოს დაცული დაგეგმარებისას. ეს ყველაფერი კი საპროექტო დავალებაში აისახოს.

50039

ბოლქვაძის თქმით, საუბარი იყო კულტურის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის სამინისტროების გადატანაზე და არა ყველა სამინისტროს გადატანაზე.

იგი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ იქვე გადის კოლექტორში მოქცეული მდინარე დუქნისხევი, რომელიც შეიძლება გაიხსნას და ლანდშაფტური არეალი შეიქმნას, რომელიც ამ ტერიტორიის დაგეგმარებას ძალიან დაეხმარება.

ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიას ისედაც აქვს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, რომელიც გულისხმობს სამინისტროების, საქალაქო ობიექტების არსებობას და ამ ზონაში თავსებადია ასეთი ტიპის შენობების აგება.

არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა იყო ძალიან მოულოდნელი იმის ფონზე, რომ გენგეგმის ჯგუფმა პრაქტიკულად უკვე დაასრულა მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე.

ვარდოსანიძეს არ ახსენდება ასეთი ტიპის უბნები/კვარტლები, სადაც გაერთიანებული იქნება სამთავრობო უწყებები, თუმცა არსებობს ისეთი გამოცდილება, როდესაც სპეციალურად აშენებულა დედაქალაქები: კანბერა, ბრაზილია, ვაშინგტონი.

ურბანისტის აზრით, სამთავრობო უბნის აშენება არაა ცუდი იდეა, თუმცა არა ორთაჭალაში, არამედ იმ არეალში, სადაც საქართველოს პარლამენტის შენობა და მთავრობის ადმინისტრაცია მდებარეობს.

იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ რუსთაველის გამზირზე არის მეტრო, ხოლო ორთაჭალაში არაა მეტრო, იქ ქალაქის აშენება გადატვირთავს გზებს, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივა ამ ეტაპზე მოულოდნელი იყო და მთავრობას აქამდე უფრო დეტალურად უნდა დაემუშავებინა ეს გეგმა და ამის შემდეგ გამოეტანა საჯაროდ ეს ინიციატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი