ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

26 ივნისი, 2015 • • 2207
ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 29 მაისს გამოიტანა. ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობის საწყისი ფასი 6 მლნ აშშ დოლარი იყო.

 

“აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები, ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ასევე – კულტურული ცენტრები და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. შენობას მნიშვნელოვან ხიბლს მატებს მის წინ განთავსებული პარკი,” – განაცხადა 29 მაისს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა.

 

უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკინგისათვის.

 

აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს; მყიდველის ვალდებულებაა 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება; მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა; მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი