ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე არსებული არალეგალური ბორდელის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთ უწყებას მიმართა დახმარების მიზნით: საპატრულო პოლიციას, შს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, ქუთაისის რაიონულ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, ქუთაისის მერიას.
“ხელთა გვაქვს ქუთაისის პროკურატურის 31 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც ავალებს შსს-ს, რომ აღიძრას საქმე 254-ე მუხლით, მაგრამ დღემდე არავის მოუკითხავს. ხალხში დაიკარგა რწმენა, მაინც ვერაფერს მივაღწევთო, იმიტომ, რომ მფარველობენ. საინტერესოა, ვინ მფარველობს და ვინ იცავს? ამის გაგება გვაინტერესებს”, – ამბობს მერაბ ცერცვაძე, კოსტავას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
საქართველოს კანონმდებლობით პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიციის პრეროგატივაა. თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა გონიოს მოსახლეობა მათ სოფელში არალეგალური ბორდელების დახურვას, თუმცა შსს-მ მხოლოდ გუშინ, 16 დეკემბერს დააკავა ხუთი პირი გონიოში პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით.
ასეთივე შემართებით დაიწყეს არალეგალური ბორდელების წინააღმდეგ ბრძოლა წინამორბედი მთავრობის წარმომადგენლებმაც მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ: საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკამერების წინ განახორციელა სპეცოპერაცია ხაშურში არსებულ არალეგალურ ბორდელებში, თუმცა ამას შედეგად ანალოგიური დაწესებულებების საქმიანობა არ შეწყვეტილა საქართველოში.
“მეძავეობა არის უძველესი პროფესია და კანონის მეშვეობით აკრძალვა სამყაროს შექმნის დღიდან ვერ მოახერხა ვერავინ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ბუნებრივია, რომ, ალბათ, ვერ მოვახერხებთ ჩვენც”, – ამბობს ყოფილი მმართველი პარტიის, ამჟამად კი საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე.
“რეალურად – ან უნდა ავკრძალოთ და შევძლოთ ამ აკრძალვის უზრუნველყოფა, ან უნდა დავუშვათ და რეგულირება მოვახდინოთ ამისი”, – მიაჩნია საპარლამენტო უმრსავლესობის წევრს, გია ჟორჟოლიანს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს პროსტოტუციის ლეგალიზაციისთვის მზად არ არის.
“პირველ რიგში, ჩემი აზრით, რაც უნდა გაკეთდეს, ალბათ, უნდა ვიმსჯელოთ, ტაბუ ავხსნათ ამ თემას, ვნახოთ, რა გამოცდილებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ. თუ არის დამანგრეველი და ცუდი, მაშინ ვთქვათ, რომ არ შეიძლება და ასე იყოს”, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროსტიტუციის აკრძალვას აზრი არ აქვს და აუცილებელია ე.წ. ბორდელების, საროსკიპოების კონტროლი და რეგულირება:
“მოვლილი მაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და იქ ოფიციალურადაა ეს დაშვებული, მაგრამ იქ ეს დაწესებულებები რეგისტრირებულია და მათზე მეთვალწყურეობა ხორციელდება. თავისი ექიმი ჭირდება მას, დაცვა და ა.შ. ამიტომ ასე მიგდებულად, როგორც ჩვენთანაა, არ უნდა იყოს,” – ამბობს მწერალი თემურ ლანჩავა, საზოგადოება “ქუთაისელის” ხელმძღვანელი.
პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინააღმდეგია ქუთაისში მცხოვრები ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი:
“სექსი უნდა გახდეს ლეგალიზებული და არა პროსტიტუცია,” – ამბობს დათიაშვილი.
“მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს აკრძალული პროსტიტუცია იმიტომ, რომ ესეც შეიძლება აქციო შემოსავლის წყაროდ,” – ამბობს ზვიად ხუჯაძე, ქუთაისში მცხოვრები ჟურნალისტი.
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილის თქმით, ცალკეულ ქვეყნებში ლეგალიზების პროცესი განხორციელებულია, მაგრამ ბიუჯეტის შემოსავლის მთავარ წყაროდ ეს არც ერთ ქვეყანაში არ არის განსაზღვრული:
“განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, ჩვეულებრივად იბეგრება, როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი.”
“პროსტიტუციით ბიუჯეტის შევსება, მე ამორალურად მიმაჩნია”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რეზო თოფურია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პროსტუტუციაში პირის იძულებით ჩაბმა და პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, ხოლო თუკი პირი ნებაყოფლობით მონაწილეობს პროსტიტუციაში, მისი, ანუ სექს მუშაკის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსითაა გათვალისწინებული.
“არის ცალკე მუხლი პროსტიტუცია, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.”