ახალი ამბები

7.5 მილიონი რეკლამებისთვის და 4 რუსული საიტი – ზაფხულის სეზონის მარკეტინგული კამპანია

27 მარტი, 2017 • 4325
7.5 მილიონი რეკლამებისთვის და 4 რუსული საიტი – ზაფხულის სეზონის მარკეტინგული კამპანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისვის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში განახორციელებს, რისთვისაც, ჯამში, 7.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო ინტერნეტ-რეკლამირებისთვის შერჩეული 8 პლატფორმიდან 4 რუსული ვებ-გვერდია.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული Google-ს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ქვეყნის ინტერნეტრეკლამირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს, ხოლო კომპანია Google-თან უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

“კამპანიის მომზადებაში Google აქტიურად იყო ჩართული – მათ შორის დაგეგმვაში, ანალიზში და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციაში. ასევე, მათთან ერთად მოხდება განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზიც,” – ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე.

მისი თქმით, შარშან Google-მა მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ ციფრული მარკეტინგის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში – TOUCH.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად იწყებს 14 მიზნობრივ ბაზარზე – 25 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ინტერნეტკამპანია შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება:

➢ რუსეთი,
➢ არაბეთის გაერთიანებული საემიროები
➢ გერმანია,
➢ იტალია,
➢ ისრაელი,
➢ უკრაინა,
➢ პოლონეთი,
➢ ბელორუსი,
➢ აზერბაიჯანი,
➢ ყაზახეთი,
➢ თურქეთი,
➢ სომხეთი,
➢ ლიტვა,
➢ ლატვია.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდება:

“მათ შორის: საზღვაო და სამთო კურორტების, ბუნების , ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურის და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.”

გიორგი ჩოგოვაძე, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი ჩოგოვაძე, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინტერესის ზრდას, რაც ტურისტების ნაკადზე აისახება.

“2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და მოგზაურების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (6, 350 , 825), ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა და პოზიტიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იანვრის (ტურისტები +32,4 %) და თებერვლის (ტურისტები +16,4%) თვეშიც. დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულიც არანაკლებ წარმატებული გვექნება, ამისთვის კი სამზადისს და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკვე ვიწყებთ,” – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ინტერნეტ-მარკეტინგული კამპანია შემდეგ პლატფორმებზე განხორციელდება:

➢ Facebook,
➢ Google,
➢ Instagram,
➢ Youtube,
➢ Vkontakte
➢ Mail.Ru
➢ Yandex
➢ Odnoklassniki.ru

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნეტგაზეთს განუმარტა, ჩამოთვლილი რუსული ვებ-გვერდები ყველაზე პოპულარულია დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც შერჩეულია ზაფხულის მარკეტინგული კამპანიისთვის. მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს საიტები.

ინტერნეტკამპანიის გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბელარუსში სატელევიზიო რეკლამასაც განახორციელებს. აღნიშნულ ქვეყნებში ზაფხულის სარეკლამო რგოლი წამყვან სატელევიზო არხებზე განთავსდება.

ზაფხულის მარკეტინგული კამპანიისთვის, ჯამში, 7.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება: ონლაინ-კამპანიისთვის -3,498,336 ლარი, ხოლო სატელევიო რეკლამისთვის- 4,091,500 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი