ახალი ამბები

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

26 მარტი, 2017 • 2526
რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

რამდენიმე ასეული ადამიანია დაკავებული კვირას რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები მოსკოვის ქუჩებში გამოვიდნენ კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომა.

“დოჟდის” ცნობით, პუშკინის მოედანზე პროტესტანტების დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, პოლიციამ გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რადგან მოედანზე სუნთქვა ჭირს.

საპროტესტო აქცია ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ თავის ვებ-გვერდზე დააანონსა და განაცხადა, რომ რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართებოდა საპროტესტო აქცია. ხელისუფლებამ მიტინგის ჩასატარებლად ნებართვა არ გასცა მოსკოვში, რის გამოც დილიდან რუსეთის დედაქალაქში არასანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

“რეიტერსის” ცნობით, დაკავებები განხორციელდა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებში, მაგალითად, ვლადივოსტოკში 30-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც გაჩნდა პლაკატები წარწერით – “კორუფცია მომავალს გვპარავს”, “პრემიერ-მინისტრმა ამაზე პასუხი უნდა აგოს”.

რუსეთის მედიის ცნობით, დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი.

მოსკოვის ცენტრში დააკავეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილე დააკავეს. 26.03.2017. EPA/YURI KOCHETKOV

მოსკოვის ცენტრში დააკავეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილე დააკავეს. 26.03.2017. EPA/YURI KOCHETKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი