ახალი ამბები

შეხვედრები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში

17 დეკემბერი, 2012 • 844
შეხვედრები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში

დღეს, 17 დეკემბერს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება. შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ხოლო ამერიუკული მხრიდან- სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დებორა მაკარტი და კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ანდერსენი.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და სხვა შესაძლებლობებს; ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, აგრეთვე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობის თემებს.

18 დეკემბერს კი ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართბეა. შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ამერიკული მხრიდან- სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბეი ფენგი და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან ჰეილი.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის თემებს, მათ შორის, საერთო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს; საქართველოსთვის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მე-2 კომპაქტის მინიჭების საკითხს; თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში; სავიზო დიალოგის თემებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებს ჯანდაცვის სფეროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი