ნეტგაზეთი | გარევაჭრობის კონსტრუქციები ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედაც აიღეს გარევაჭრობის კონსტრუქციები ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედაც აიღეს – Netgazeti

გარევაჭრობის კონსტრუქციები ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედაც აიღეს

დღეს დილიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფმაკი ტერიტორია  დაასუფთავა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ, შესაბამისად, მერიის ცნობით, დღეს მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ასოციაცია შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს  სავაჭრო ადგილს დაუთმობს.

მერიის ცნობით, გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და  ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.

“გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა  უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

მერია იუწყება, რომ მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარემოვაჭრეების აყრა, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი