ახალი ამბები

გონიოში პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით 5 პირი აიყვანეს

16 დეკემბერი, 2012 •
გონიოში პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით 5 პირი აიყვანეს

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სპეცოპერაცია გონიოსა და ბათუმის ბორდელ–სასტუმროებში გუშინ, 15 დეკემბერს, გვიან ღამით ჩატარდა. 

 

გონიოში ბორდელების არსებობის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში წერდა,  სოფელში სექსზონის ელემენტების გაჩენისთანავე 450-მა მოქალაქემ დაწერა განცხადება და გონიოს პოლიციას მიმართა დახმარების თხოვნით. ამ თხოვნაზე პოლიციამ ოფიციალურად უპასუხა, რომ საქმეში ვერ ჩაერეოდა.

 

იგივე წერილი მოქალაქეებმა ბათუმის მერს გაუგზავნეს, მერიამ – გონიოს პოლიციას. გონიოს პოლიციიდან ხალხმა იგივე პასუხი მიიღო. მერე ახალგაზრდა ბიჭებმა ლევან ვარშალომიძეს შესჩივლეს. ვარშალომიძეს მათთვის უთქვამს: „რა გინდათ, თქვენც იგულავეთო“.

 

შემდეგ წერილი გონიოელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერეს. წერილს ხელს 450 მოქალაქე აწერდა. დავით ბაქრაძემ ამომრჩევლისგან მიღებული წერილი ისევ გონიოს პოლიციაში გადაამისამართა. წერილი მერე პრეზიდენტთან აფრინეს. ამ წერილმაც ისევ გონიოს პოლიციამდე „იმოგზაურა“.

 

თუმცა პრეზიდენტთან გაგზავნილ წერილს მოჰყვა განსხვავებული რეაქციაც – აქტივისტებთან გონიოს პოლიციიდან მივიდნენ და გააფრთხილეს, საჩივრების დაწერა აღარ გაებედათ.

 

გონიოს მოსახლეობა აცხადებდა,  რომ ერთ სოფელში 27 ბორდელის გახსნა შემთხვევითობა კი არა, საქართველოს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. 

 

ქართული სისხლის სამართლის კოდექსით კი, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ასევე, ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა, ძალადობა ქონების განადგურების მუქარით ან მოტყუებით.

 

შესაბამისად, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის იჯარით გადაცემის შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, მოკვლევა დაიწყონ, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მიიღონ დადგენილება გამოძიების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ. აი, სწორედ კანონის ამ მუხლის ამოქმედებას ითხოვდნენ გონიოში მოქალაქეები.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი