ფილმს რეალური გმირები ყავს- დავით მიხეილ შუბლაძე, გიორგი კიკონიშვილი და მარიამ გაგოშაშვილი.
ისინი საუბრობენ ბრძოლაზე საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, საუბრობენ, თუ როგორ დგამდნენ ქამინაუთის პირველ ნაბიჯებს ჯერ ოჯახსა და მეგობრებში, შემდეგ- საზოგადოებაში. რა პრობლემებს აწყდებოდნენ და როგორია იყო ჰომოსექსუალი საზოგადოებაში, სადაც ადამიანების უმრავლესობა ჰომოსექსუალების მიმართ არამიმღებლურადაა განწყობილი.
დედა, მამა, მე გეი ვარ – ამ ფრაზას ფილმში დავით მიხეილ შუბლაძე ამბობს. ის 20 წლის იყო, როცა მშობლებს ეს სიტყვები უთხრა. შუბლაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებს რამდენიმე კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ შვილის “აღიარება” მიეღოთ.
“გავიდა გარკვეული პერიოდი და მიხვდნენ, რომ ის სტერეოტიპები, რომელიც ჰომოსექსუალებზე ვრცელდება, გარყვნილები და ა.შ. ასე სულაც არაა”- ამბობს ფილმში დათო შუბლაძე.
“ჩემი სექსუალობა მაშინ აღმოვაჩინე, როცა სექსზე ტაბუები მომეხსნა” – მარიამ გაგოშაშვილისთვის საკუთარი თავის აღმოჩენა 17 წლის ასაკთანაა დაკავშირებული. ის ამბობს, რომ არა იმდენად სექსუალურ ორიენტაციასთან, არამედ სწორედ სექსთან ჰქონდა ამ ასაკში ტაბუები.
ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმში დოკუმენტური კადრებია ჩართული. როგორ შლიდნენ სხვადასხვა ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი ჰომოსექსუალების აქციას 17 მაისს. ფილმში ნაჩვენებია ის კადრები, სადაც ჩანს აგრესია, რომელიც უმეტესად სიტყვიერად და პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირებით გამოიხატებოდა ლგბტ ადამიანების მიმართ.
“მოიცა, თქვენ ვინ ხართ, ცისფერები? დაგვანებე თავი საქართველოს სირცხვილო, მახინჯო, ქართველი გეი არ არსებობს, მოეშვით ჰომოსექსუალობის პროპაგანდას”- ეს და სხვა სიტყვები პერიოდულად ანაცვლებს დოკუმენტური ფილმების გმირების მოსაზრებებს სექსზე, სიყვარულზე, იდენტობაზე.
“ეს ადამიანები საკუთარ ორიენტაციას აფიშირებას უკეთებენ”- გიორგი კიკონიშვილი საზოგადოების ნაწილის ამ გავრცელებულ მოსაზრებას ასე პასუხობს:
“ადამიანები არ ვარსებობთ ჩვენ ოთახებში, ჩვენ ხომ არ ვართ უდაბნოს განდეგილები, ჩვენ ვარსებობთ საზოგადოებასთან ერთად. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საჯაროდ მქონდეს სექსი. საუბარია იმაზე, რომ საჯაროდ შეგეძლოს, როგორც გეის, არსებობა. როდესაც ჰეტეროწყვილი თავის პირად სიყვარულზე ლაპარაკობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა იგივეს გეი აკეთებს, ამას აღვირახსნილობის დემონსტრაციას არქმევენ. არადა არაფრით არ განსხვავება მათი საუბარი ერთმანეთისგან”- ამბობს ფილმის გმირი.
საზოგადოების მასობრივი აგრესია, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა თანამედროვე საქართველოში, ფილმის გმირების აზრით, ირიბი ძალადობაა და დიდ ზიანს აყენებს ჰომოსექსუალ ადამიანებს:
“ირიბი ძალადობაა, როცა შენს გონებაზე ძალადობენ და ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ფიზიკური ძალადობა. ის სტრესი, რისი გადატანაც უწევთ ადამიანებს, მთელი ცხოვრება გრძელდება”,-ამბობს კიკონიშვილი. ის ამბობს, რომ იდენტობაზე ფიქრი ზეწოლის და საზოგადოების დამოკიდებულებების შედეგია:
“რატომ უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, რომ მე გეი ვარ და იცი, მეც ვმუშაობ, როგორც შენ და იცი, მეც მუსიკას ვუსმენ. ჩვეულებრივ მოცემულობად უნდა აღვიქვამდეთ ამ ფაქტს, ცალკე ამაზე ფიქრი, სტატიების წერა, არ უნდა იყოს საჭირო”.
მარიამ გაგოშაშვილი ჰომოსექსუალი ქალების უხილავობაზე საუბრობს:
“ქალები უხილავები ვართ საჯარო სივრცეში, ჩვენი ხმა არსად არ ისმის, ბევრად უფრო ჩანან გეი კაცები, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ქამინაუთი აქვთ, თუ არ აქვთ, ბევრად უფრო მეტი კაცი ვიცით ცნობილი ადამიანებიდან, იგივეს ვერ ვიტყვით ლესბოსელებზე, რა თქმა უნდა, ცნობილ ადამიანებში არიან ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, მაგრამ ისინი არ ჩანან”.
დოკუმენტური ფილმი “დედა, მამა, მე გეი ვარ” სრულდება დოკუმენტური კადრებით, სადაც მღვდელი ელიზბარი ამბობს- “ესენი ჩვენი გეიები არ არიან, ქართველი გეიები არ არსებობენ”.
ფილმის დასასრულმა ღიმილი გამოიწვია ბიოლის ბონდში ფილმის ჩვენებაზე მისულ 100-მდე ადამიანში.
ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმი, “დედა, მამა, მე გეი ვარ”, ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, სტუდიამობილმა გადაიღო. რეჟისორისთვის ჰომოსექსუალობის თემაზე გადაღებული მეორე ფილმი იხილა საზოგადოებამ. თუკი პირველ ფილმში მოქმედი გმირი არ ჩანს, მალავს საკუთარ თავს, ახალ ფილმში მოქმედი გმირებიც ჩანან და საზოგადოებაც.